შემოსავლების სამსახური საბაჟოზე რისკის ე.წ ყვითელ დერეფანთან დაკავშირებით ბიზნესის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც BMG-სთვის უწყების მიერ გამოგზავნილ განმარტებაშია ნათქვამი, საბაჟო კონტროლი ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული რისკის გამოვლენის მეთოდოლოგიას ეფუძნება, პროცესი სრულად ავტომატიზებულია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიმდინარეობს.
ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ყვითელ დერეფანში მოხვედრილი დეკლარაციების რაოდენობა 3.5%-ითაა შემცირებული.
„საბაჟო კონტროლი, გარდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისა, ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე რისკის გამოვლენის, შეფასების და პრევენციული ზომების მიღების მიზნით მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების საშუალებების გამოყენებას. დეკლარირებული საქონლის მიმართ, საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებით ფორმაში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ტვირთების კონტროლის მექანიზმები გამოიყენება საქართველოს ბიუჯეტის შესავსებად სიმართლეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილით შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა პირიქით, შემცირებულია 3,5%-ით. უფრო კონკრეტულად კი, 17,8 % -დან 14,3 %-მდე არის შემცირებული ყვითელ დერეფანში მოხვედრილი დეკლარაციების რაოდენობა. ამასთან, პროცესი სრულად ავტომატიზებულია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიმდინარეობს“, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ საბაჟოზე რისკის ე.წ. ყვითელ დერეფანში ტვირთების დაყოვნების პრობლემა დღის წესრიგში კვლავ დგას და გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქონელი სწორედ აღნიშნულ დერეფანში ხვდება.