ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის 11 თვის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტში გადასახადებიდან მობილიზებულმა თანხამ 18 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12 თვის გეგმის, ანუ 19.1 მილიარდი ლარის 94.5%-ია. ამასთან, ეს თანხა არის ბიუჯეტის წინა ვერსიით განსაზღვრული გეგმა, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტით საგადასახადო გეგმა 20.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობით იყო განპირობებული.
2024 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შესრულება 11 თვის მდგომარეობით:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 6.85 მილიარდი ლარი, 12 თვის გეგმის 93%;
- საშემოსავლო გადასახადი - 6.05 მილიარდი ლარი, 12 თვის გეგმის 95%;
- მოგების გადასახადი - 1.77 მილიარდი ლარი, 12 თვის გეგმის 103%;
- აქციზის გადასახადი - 2.17 მილიარდი ლარი, 12 თვის გეგმის
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა წყაროებს, პრივატიზაციიდან ცენტრალურ ბიუჯეტში 236 მილიონი ლარი შევიდა, რაც 12 თვის გეგმით გათვალისწინებულზე 18%-ით მეტი იყო.
ვალდებულებების ზრდის კუთხით კი ბიუჯეტმა 1.29 მილიარდის შიდა ვალი აიღო ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, ხოლო 1.50 მილიარდი ლარი კი ახალ საგარეო ვალებს წარმოადგენდა.