მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ჭირს ფალსიფიცირებული რძის გამოვლენა? - რუსუდან გიგაშვილის პოზიცია

6321eb87afb9b
ინგა მურუსიძე
17.09.22 12:47
598
"მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი, რუსუდან გიგაშვილი აცხადებს, რომ რძის პროდუქტების წარმოებაში სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად არის კანონდარღვევები და მათი გამოვლენის პრობლემები. კერძოდ, როგორც გიგაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განმარტა, საუბარია ე.წ. ირანულ პასტაზე, რომლის გამოვლენაც ლაბორატორიულად ვერ ხდება.

„გვაქვს მთელი რიგი რეგულაციები, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ სწორად რძის პროდუქტი, თუმცა გვაქვს მეორე მხრიდან ძალიან დიდი კანონდარღვევები და ფალსიფიკაციები, რისი აღმოფხვრის შესაძლებლობაც არ გვაქვს. ვსაუბრობ იმპორტირებულ პროდუქტზე, მაგალითად იგივე ირანულ პასტაზე, რაც ხშირად გამოიყენება გადამამუშავებელ სექტორში, ფხვნილის შემთხვევაში ხდება გამოვლენა, მაგრამ ირანული პასტის შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს პრობლემა და ლაბორატორიული კვლევის შემთხვევაში მისი გამოყენება ვერ გამოვლინდეს“, - განაცხადა გიგაშვილმა.

მისივე თქმით, ხშირად მეწარმეებმა იციან ხრიკები და იყენებენ ფალსიფიცირებულ რძეს და ამ შემთხვევაში იჩაგრება კეთილსინდისიერი მეწარმე. „ეს საკითხები დასალაგებელია“, - ამბობს გიგაშვილი.

„ზოგადად, აუცილებლად გვჭირდება ხედვა, თუ რამდენად გვჭირდება ნედლი რძე. არიან ქვეყნები, რომლებსაც ეს არ სჭირდებათ. გვინდა, რომ ჩვენს შვილებს ნედლი რძე მივაწოდოთ თუ უბრალოდ შეგვიძლია გადავეწყოთ სხვა ტიპის პროდუქტზე. ფხვნილი დანაშაული ნამდვილად არ არის, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რას მივირთმევთ. საჭიროა ხედვა, თუ საით მივდივართ და სად ვიქნებით 5-10 წელიწადში, რისი ხედვაც არ გვაქვს. გვაქვს ფრაგმენტულად დანახული ხედვები გარკვეული სუბსიდიების სახით, რასაც მე არ ვეთანხმები. სუბსიდია გამართლებული მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ის გაწერილია ვადებში და ვიცით რას მოგვიტანს თუნდაც 5 წლის შემდეგ“, - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.