მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაჯარიმდა 16 კვების ობიექტი 10 000 ლარით? - ბექა ფერაძე რესტორნებს პასუხობს

5ee739a4ca8cd
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.20 13:11
2130
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განმარტებით, 16 რესტორანი, რომელიც 10 000 ლარით დაჯარიმდა, არ იცავდა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შედგენილ რეკომენდაციებს, რითიც მოქალაქეების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგებოდა.

ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ნორმები 16-მა ვერ დააკმაყოფილა და ჯამში 160 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა. 

"რეკომენდაციების შემუშავების პროცესში ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ჩართული გვყავდა ფაქტობრივად ყველა ის ასოციაცია, რომელიც ქვეყანაში დარგის მიმართულებით არსებობს და მათ შორის ეს არის რესტორნების და კვების ობიექტების მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მივაწვდინეთ ხმა თითოეულ მათგანს და ერთობლივად შევიმუშავეთ ის ფუნდამენტური თამაშის წესები, რომელიც უნდა დაიცვას თითოეულმა მეწარმემ საზოგადოების კეთილდღეობისთვის და ვირუსის პრევენციისთვის. 

მიუხედავად ამისა სოციალური ქსელების მეშვეობით ნახეთ ის კადრები, რომელიც ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტთან კვების ობიექტებზე ფიქსირდებოდა. ეს იყო სტანდარტების და თამაშის წესების დარღვევა, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. სწორედ ამიტომ პარასკევს და შაბათს განხორციელდა ინსპექტირება ასეთი ტიპის ობიექტებზე. ჯამში შემოწმდა 26 კომპანია, რომელთაგან 16-მა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 10 კი სრულად აკმაყოფილებდა. შესაბამისად, თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და ჯამში საჯარიმო სანქციებმა შეადგინა 160 000 ლარი. 

ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ არის ჩვენი სამსახურის ან სახელმწიფოს თვითმიზანი, რომ სანქცირება გამოვიყენოთ, მანამ სანამ მოხდებოდა გეგმიური ინსპექტირება, ჩვენ განვახორციელეთ 11 400 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება. მიუხედავად ამისა ჩვენ აღმოვჩნდით უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, რომ გამოგვეყენებინა სანქცირება და ამით მოგვეხდინა პრევენცია“, - განაცხადა ფერაძემ. 

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბიზნესსუბიექტებზე ჯარიმის გაწერის 2 მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ შემოწმება მომავალშიც გაგრძელდება. 

„აზრს კარგავს ყველანაირი რეგულაცია და ძალისხმევა, თუ საზოგადოებას და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე. ეს ნაბიჯი გადავდგით იმიტომ, რომ პირველი - მომხდარიყო პრევენცია და მეორე - კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც იცავს იმ სტანდარტებს სარესტორნე ბიზნესში - 6 ადამიანზე მეტს არ განათავსებს მაგიდასთან და ა.შ.- იყო არაკონკურენტულ გარემოში, ვინაიდან ერთი იცავს და მეორე- არა. რეალურად ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი და ინსპექტირებები გაგრძელდება. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თითოეულ მეწარმეს დაიცვან ის ფუნდამენტური რეგულაციები, რომელიც არის აუციელებელი და უნდა მოხდეს მაქსიმალური პრევენცია“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან დაჯარიმებული რესტორატორები ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.