მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გახსნის პირველივე დღეს რესტორნებს 10 000-ლარიანი ჯარიმები ჩამოურიგეს“ - აქცია სამინისტროსთან

5ee732b186e93
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.20 12:34
6875
სარესტორნე ბიზნესის 20-მდე ობიექტის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროსთან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაწერილ 10 000-ლარიან ჯარიმებს აპროტესტებს.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კოტე გაბრჩიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა და ძლივს გახსნილი ბიზნესები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პიროებების ინსპექტირების დეპარტამენტმა დააჯარიმა.

„ეს დარგი ძლივს გაიხსნა, არანაირი ხელშეწყობა მთავრობიდან... ბანკები კრედიტებსაც კი არ იძლევიან, რესტორნების 70% საერთოდ გახსნილი არ არის. რესტორნების მეპატრონეებს, რომლებმაც ლომბარდებში აიღეს ვალები, რომ გაეხსნათ ბიზნესი და ახლა შეზღუდულ პირობებში უწევთ ოპერირება, ტურიზმის გახნის პირველივე დღეს შრომის პირობების ინსპექტრების დეპარტამენტმა ჩამოურიგა 10 000-ლარიანი ჯარიმები. ვიღაცას უწერია, რომ არ ჰქონდა სამრეცხაოში 3 ნიჟარა, ვიღაცას ხელი არ ჰქონდა მოწერილი ტრენინგების ჩატარების შესახებ, ვიღაცას წყლის საზომი თერმომეტრი არ ჰქონდა, ვიღაცასთან წინასწარი ჯავშნის გარეშე იყვნენ შესულები და ვითომ წესებს არღვევდნენ“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

მისი თქმით, უამრავი რამ წესებში არ არის ან გაზვიადებულია და საერთოდ არ იმსახურებს 10 000-ლარიან ჯარიმას. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კი მათი შემოწმება ღამის პირველ საათზე გადაწყვიტა.

„პარასკევს და შაბათს შემოწმება ღამის პირველ საათზე ჩატარდა და დააწიოკეს დაახლოებით 20-მდე ობიექტი. იმის მაგივრად რომ სახელმწიფო მადლობას უხდიდეს მათ, რადგან გმირობაა ასეთ რთულ მდგომარეობაში ბიზნესის წამოწყება.

ჯამში 200 000 ლარი შევა სახელმწიფოს ბიუჯეტში, მაგრამ ეს სამსახური საერთოდ ვერ ფიქრობს იმაზე, რომ ეს რესტორნები საერთოდ ვეღარ გაიხსნებიან და ამდენი ხალხი დარჩება ქუჩაში. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა“, - განმარტავს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

კოტე გაბრიჩიძის თქმით, რესტორნებთან სახელმწიფოს იგივე მოთხოვნები არ ჰქონდა რაც სასტუმროებთან და ისინი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს ამოქმედების წინ არ შეუმოწმებია.

„რესტორნების ნაწილში ეს მოთხოვნა არ იყო, რომ მხოლოდ შემოწმების შემდეგ დაეწყოთ ოპერირება. ჩვეულებრივად რესტორნებს შეეძლოთ გახსნილიყვნენ. ჩვენ როდესაც შეხვედრები გვქონდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან, შეგვპირდნენ რომ თავიდან იქნებოდა გაფრთხილება, მერე იქნებოდა ვადა გამოსწორების და შემდეგ უკვე დაჯარიმება, თუ ვინმე არ დაემორჩილებოდათ. ეს ყველაფერი არის უგულებელყოფილი და ურჩევნიათ 200 000-ით გაავსონ ბიუჯეტი“, - ამბობს ის.

ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს მათზე დაკისრებული ჯარიმები:

„მოვითხოვთ, რომ გააუქმონ ჯარიმები და ბოდიშიც მოგვიხადონ, ეს არის ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა და დაცინვა“- აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

კოტე გაბრიჩიძე ვერ აკონკრეტებს პროტესტის ხანგრძლივობასა და დეტალებს და ამბობს: „ჩვენ ვერ წარმოგვედგინა რომ ეს ასე მოხდებოდა და ვართ ასე გაოგნებულები. ეს გაგძელდება მანამ სანამ ეს სამსახური არ მოვა ჭკუაზე“.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავად ჯანდაცვის სმინისტროში არნაირი უსაფრთხოების ნორმა არ არის დაცული.

„ეს არანაირად არ შედის არანაირ ჩარჩოში. თავად ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი უსაფრთხოების ნორმები არ არის გათვალისწინებული, არც მოქალაქეებს შორის დისტანცია, არც დეზობარიერი, არც შესვლისას სიცხის მონიტორინგი, თვითონ ჯანდაცვა არ იცავს არაფერს“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.