მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა თხილის ექსპორტი? - მეთხილეთა ასოციაციის განმარტება

5f8db8135c1c2
სალომე მეცხვარიშვილი
19.10.20 22:00
1347
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 15%-ით შემცირდა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის და შესაბამისად, იმპორტის კლების ხარჯზე შემცირდა სავაჭრო სალდოც. აქედან გამომდინარე ექსპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში გაზრდილია.

ამისგან დამოუკიდებლად დაახლოებით 3%-ით არის გაზრდილი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე ანუ ადგილობრივი ექსპორტი. ყველაზე მეტად კი 2020 წლის 9 თვეში თხილის რეალიზაცია გაიზარდა. პანდემიის მიუხედავად, ქართული თხილის ექსპორტმა 60.3%-ით მოიმატა. ამის მიზეზად თხილის ასოციაციაში პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას ასახელებენ, რაც ბოლო წლებში აზიური ფაროსანას გავლენით საგრძნობლად იყო გაუარესებული.

"2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით სერიოზული ვარდნა გვქონდა ხარისხობრივი მიმართულებით ფაროსანას ეფექტიდან გამომდინარე, 2019 წელს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ეს იყო სახელმწიფოსა და თხილის ასოციაციის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანი იყო თხილის მოსავლის გადარჩენა, რამაც ძალიან სწრაფი შედეგი გამოიღო. 2019 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით პროდუქტის გაუმჯობესებისკენ, 2020 წელს კი ეს შედეგი ერთი ორად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე და რთული წელია ნებისმიერი საექსპორტო კულტურისთვის, ხარისხის გაუმჯობესება აისახა თხილის ექსპორტის რაოდენობაზე”,- აცხადებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა.

მისივე თქმით, წელს საქართველომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიბრუნა, მომდევნო წლებში კი მიზანი, მეორე ადგილზე გადანაცვლებაა.

“რაც შეეხება საქართველოს პოზიციონირებას თხილის ბაზარზე, საქართველო იყო მესამე პოზიციაზე მსოფლიო ბაზარზე საექსპორტო ქვეყნებს შორის, ამ პოზიციაზე დაბრუნდა და გაუსწორდა აზერბაიჯანს. ხოლო შემდგომი გეგმები არის ის, რომ საქართველოში თხილის სექტორის ეტაპობრივი განვითარება მოხდეს და 2023-24 წლისთვის 100 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდეს, რაც არის მეორე ადგილთან მიახლოებული პოზიცია”,- აცხადებს მერაბ ჭითანავა.

მისივე თქმით, მეორე ადგილზე ახლა იმყოფება იტალია, რომელმაც წელს 130 ათასი ტონა აწარმოა.