მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფერმერს შეუძლია, 1 ჰა-ზე 4 ტონა თხილის მოსავალიც მიიღოს" - მერაბ ჭითანავას რჩევები

თხილი

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა თხილის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად თხილის ბაღების საშუალო მოსავლიანობის გაზრდას მიიჩნევს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ისაუბრა.

"მოსავლიანობის გაზრდის შემთხვევაში, თხილის წარმოების, დაახლოებით, გახუთმაგება შეგვიძლია; ახლა ერთ ჰექტარზე, საშუალოდ 600 კილოგრამ თხილს ვიღებთ, თუმცა ფერმერს 1 ჰა-ზე ოთხი ტონაც შეუძლია მიიღოს", - ამბობს ის და ფერმერებს გარკვეულ რეკომენდაციას აძლევს.

"ოთხი ტონა მოსავლის მიღებას დიდი შრომა, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, ნიადაგის ოპტიმიზაცია და ბევრი სხვა ფაქტორის გამართვა სჭირდება, თუმცა ერთ ჰა-ზე 2-2.5 ტონა თხილის მოსავლის მიღება გადაულახავ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ფერმერები თხილის ბაღებს მაქსიმალურად მოუვლიან. საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც თხილია გაშენებული, არის შემთხვევები, როცა ერთი ფერმერი ერთ ჰა-ზე 300-400 კილოგრამ მოსავალს იღებს, მეორე კი, იმავე სოფელში - 2 ტონა მოსავალს", - თქვა მან.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, წელს საქართველოში, თხილის მოსავალი, დაახლოებით, 40 000-45 000 ტონა იყო, რაც წლის დასაწყისში პროგნოზირებულ 50 000 ტონაზე ნაკლებია. მიზეზი გაზაფხულზე მოსული ჭარბი ნალექი და ფაროსანაა, თუმცა მოსავლის ხარისხი გარკვეულწილად გაუმჯობესებულია.

მერაბ ჭითანავა ფიქრობს, რომ მოსავლიანობის გაზრდის და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების შემთხვევაში, საქართველო თხილის წარმოებით იტალიის მაჩვენებელს გაუტოლდება, რომელიც თხილის გლობალური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

"საქართველო სანდო და უსაფრთხო პროდუქციის მიმწოდებელი ქვეყანა გახდება; სწორედ ამას ისახავს მიზნად ჩვენი ძალისხმევა და შუამდგომლობები,მათ შორის თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით. უმთავრესი მიზანია, ფერმერებმა დაინახონ, რომ ბაღების სათანადოდ მოვლის შემთხვევაში, შესაძლებელია 1 ჰა-ზე მოსავლიანობა 600 კგ-დან 1,5 ტონამდე გავზარდოთ - ეს მომავალი სამი წლის მიზანია; ამას როგორც კი მივაღწევთ, აბსოლუტურად სხვა განზომილებაში აღმოვჩნდებით", - ამბობს მერაბ ჭითანავა.

"წერტილის" წამყვანის კითხვაზე - დღეს, როგორია ქართული თხილის რეპუტაციაზე ევროპის ბაზარზე - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ბოლო წლებში საქართველოში ბევრი კეთილსინდისიერი ექსპორტიორი კომპანია ჩამოყალიბდა.

"შესაბამისად, როცა ევროპის ბაზარი ხედავს, რომ ერთი კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში კარგად და ჯანსაღად მუშაობს, სხვა კომპანიებთან ურთიერთობას და პარტნიორობას მარტივად იწყებენ. ასევე, ჩვენ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ თხილის სექტორში - დავაფუძნეთ კომპანია "აიჯი აგრო", რომელიც თხილის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია და დავიწყეთ ისეთი პროდუქციის წარმოება და ექსპორტი გერმანიისა და იტალიის ბაზარზე, როგორიცაა მოხალული და გადამუშავებული თხილი, ასევე თხილის პასტა; ესეც ევროპის ბაზრის ქართული პროდუქციით დაფარვას ზრდის და ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას", - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.

საქსტატის მონაცემებით, ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ხუთეულის თავში იტალიაა.

თხილის ექსპორტი საქართველოდან:

2014 – $183 მლნ

2015 – $177 მლნ

2016 – $180 მლნ

2017 – $83 მლნ

2018 – $69,5 მლნ

2019 – $67 მლნ

2020 – $94 მლნ

2021 – $118 მლნ

2022 – $102,5 მლნ

2023 (9 თვე)- $52 მლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები