მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იგებენ საქართველოში ტენდერებს უფრო ჩინური კომპანიები, ვიდრე ევროპული? - სამინისტროს განმარტება

5fce53eda9525
თამთა ჯიჯავაძე
07.12.20 22:10
2237
ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებიდან ინტერესი არის, მაგრამ საერთაშორისო ტენდერებში ისინი უმეტესად ვერ ახერხებენ მსხვილი ჩინური კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას კვალიფიკაციისა და ფასის ნაწილში, - ასე უპასუხეს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში Bm.ge-ს შეკითხვას, რომელიც პოლონეთის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. კერძოდ, დიპლომატმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას უკვირს როდესაც საქართველოს მთავრობა ჩინურ და არა ევროპულ კომპანიებს ქირაობს მაგისტრალების მშენებლობისთვის, რომელიც ნაწილობრივ ევროპის საინვესტიციო ბანკიდან ფინანსდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არცერთ უცხოურ საინვესტიციო კრედიტს არ აქვს პირობა, რომ პროექტი აუცილებლად ევროპულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა დონორს აქვს შესყიდვების პროცესის მარეგულირებელი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იმართება ტენდერები მათ მიერვე დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

„პროცესი მიმდინარეობს დონორის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით. ყველა დოკუმენტი ეგზავნება დონორ ორგანიზაციას შესათანხმებლად. დონორი ახორციელებს პროექტის დეტალურ რევიზიას, ასევე პროცესში ხშირად რთავს დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს. შესყიდვაც მიმდინარეობს დონორის პროცედურების სრული დაცვით, ღიად და გამჭვირვალედ“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ამასთან, უწყების ცნობით, საერთაშორისო დონორებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობენ როგორც ჩინური, ისე სხვა ქვეყნების კომპანიები.

„სატენდერო წინადადება ფასდება არა მხოლოდ პრეტენდენტის ფასის, არამედ უამრავი ტექნიკური პარამეტრის, მათ შორის, პრეტენდენტის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით. ჩინურ კომპანიებს აქვთ რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება და ხშირ შემთხვევაში, მათ კონკურენციას ვერ უწევენ სხვა უცხოური თუ ქართული კომპანიები.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს, თუნდაც ჩინური კომპანიების მიერ მოგებულ პროექტებში მონაწილეობის და ადგილობრივი მუშა-ხელის დასაქმების გზით, რათა მათ დააგროვონ გამოცდილება/კომპეტენცია და დროთა განმავლობაში შევიდნენ სათანადო კონკურენციაში, როგორც ჩინურ, ისე ევროპულ კომპანიებთან. მაგალითად, მხოლოდ 2019 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 7500 პროექტზე მუშაობდა 40 000-მდე ადამიანი და მათგან 70-80%-ზე მეტი საქართველო მოქალაქე იყო“, - განუცხადეს BM.GE-ს სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს პოლონეთის ელჩის განცხადების შეფასება ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსაც მოუწია, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ტენდერები გამჭვირვალედ ტარდება და "აქ კითხვები არ არის".

„როცა საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი ან ჩრდილოეთ-სამხრეთის და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც დონორის ფულით ფინანსდება, აქ ძალიან გამჭვირვალედ და ზუსტად არის გაწერილი პროცესი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ტენდერი. აქ არის არა მხოლოდ ევროკავშირის ფული, არამედ აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და ყველა იმ მსხვილი პარტნიორის ფული, რომლითაც ეს ნაციონალური პროექტები ფინანსდება. ტენდერები ტარდება ზუსტად იმ წესებით, როგორც დონორები ითხოვენ; ტენდერის ჩატარების შედეგად კი იგებს კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა.

თუ ეს კომპანია არის ჩინური, რატომაც - არა?! თუ პოლონური კომპანია იქნება საუკეთესო, ტენდერში ის გაიმარჯვებს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, იმ სტანდარტებით, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ტენდერები სწორედ მათი წესებით და მათი ზედამხედველობით ტარდება - იმარჯვებს კომპანია, რომელიც არის საუკეთესო და აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.