08.მაისი .2021 00:25

რატომ იღებს "სახელმწიფო ელექტროსისტემა" ახალ 200-მილიონიან ვალს?

რატომ იღებს "სახელმწიფო ელექტროსისტემა" ახალ 200-მილიონიან ვალს?
views 469
უკან

“სახელმწიფო ელექტროსისტემა” 2021 წლის ბოლოს 200 მილიონი ლარის მოცულობის ახალი ვალის აღებას გეგმავს. ამ ვალდებულების აღებას კომპანია ლარში ნომინირებული ობლიგაციების გამოშვებით გეგმავს. 

BMG-ის კითხვაზე პასუხად თუ რა პროექტების დაფინანსება იგეგმება მოზიდული თანხით, ელექტროსისტემაში პასუხობენ, რომ თანხა, როგორც საოპერაციო საქმიანობის, ასევე საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული. 

კომპანიის განცხადებით, ახალი ობლიგაცია 5-წლიანი ვადიანობის იქნება. 

"სსე პირველ ეტაპზე (ტესტურ რეჟიმში) გეგმავს 200 მილიონი ლარის ოდენობის ბონდის გამოშვებას, რომელიც ნაწილობრივ გამოყენებული იქნება კომპანიის 2021 წლის საოპერაციო ხარჯების დაფარვისათვის და ნაწილი მიმართული იქნება სამომავლო კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად.

აღნიშნული ბონდები განთავსდება/გაიყიდება საქართველოს ბაზარზე (ეროვნული ბანკის გავლით). ბონდების ვადიანობა, სავარაუდოდ, 5 წლის ვადით განისაზღვრება", - აცხადებენ კომპანიაში.

ობლიგაციების გამოშვების მომზადების პროცესში “სახელმწიფო ელექტროსისტემამ” ფინანსური კონსულტანტის შესარჩევად ტენდერიც გამოაცხადა, რომელშიც ქართულმა საინვესტიციო ბანკმა “გალტ & თაგარტმა” გაიმარჯვა. “გალტ & თაგარტის” მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე BMG-სთან საუბარში განმარტავს, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვებამდე “სახელმწიფო ელექტროსისტემის” საკრედიტო რეიტინგი უნდა განისაზღვროს. 

"ტენდერი, რომელშიც გავიმარჯვეთ, ემსახურება იმას, რომ კომპანია მოვამზადოთ პოტენციურად ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბონდების გამოსაშვებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და უფრო მეტი სიცხადე ალბათ 1-1.5 თვეში გვექნება - თუ რა მდგომარეობაა ფინანსურად კომპანიაში და რა სახის ბონდების გამოშვება უნდა მოხდეს. რეიტინგის საკითხიც იქნება ასევე გასათვალისწინებელი, რადგანაც ობლიგაციების გამოშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას საკრედიტო რეიტინგი მიენიჭოს", - განმარტავს ოთარ შარიქაძე.

BMG-მ სახელმწიფო ელექტროსისტემისგან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა ფინანსური შედეგით დაასრულა კომპანიამ 2020 წელს საქმიანობა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი პასუხის მიხედვით, ელექტროსისტემის შემოსავალი მაღალი ძაბვის ქსელების ოპერირებიდან 2020 წელს 138.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, სახელმწიფო საწარმოს წმინდა მოგება 22.2 მილიონი ლარი იყო.

2020 წლამდე "სახელმწიფო ელექტროსისტემა" “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში იყო, 2020 წელს კი “ესკოსთან” ერთად ელექტროსისტემამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა. ასევე, დასრულდა “რეაბილიტაციის” პროცესიც, რომელიც კომპანიაში 2008 წლიდან მიმდინარეობდა და 118 მილიონი ლარის ვალდებულების გადახდას გულისხმობდა.

კომპანია ამჟამად საერთაშორისო დონორების მიერ 446 მილიონი ევროს მოცულობის კრედიტებით დაფინანსებულ პროექტებს აშენებს. ესენია:

1) ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა 2 (135 მლნ ევრო, KfW );
2) ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (100 მლნ ევრო, KfW);
3) ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი (90 მლნ ევრო, EBRD);
4) გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი“ (59 მლნ აშშ დოლარი, მსოფლიო ბანკი)
5) ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი (62 მლნ ევრო, მსოფლიო ბანკი).

2021 წლის გეგმებზე საუბრისას კი, სახელმწიფო ელექტროსისტემაში აღნიშნავენ, რომ წელს საერთაშორისო დონორების დაფინანსებით რამდენიმე ხაზის მშენებლობას გეგმავენ. მათ შორისაა “ნამახვანი წყალტუბოს” ხაზიც, რომლითაც ელექტროსისტემა ახალ ჰიდროელექტროსადგურს უნდა დაუკავშირდეს. ასევე, დაგეგმილია "ჯვარი-ხორგას"; „ადიგენი-შუახევის“, „ჯვარი-წყალტუბო-ახალციხის“, „ჩრდილოეთის რგოლი-წყალტუბოს“ ხაზების მშენებლობა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის აქტივების მოცულობა 1.17 მილიარდი ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა