მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ითხოვს BAG-ი თხევადი გაზის ბაზრის ახლებურად დარეგულირებას? - მხარეების პოზიციები

5eb2d84a5be32
ელენე გოგბერაშვილი
06.05.20 21:00
1790
თხევადი გაზის ბაზრის დარეგულირების შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივამ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. ასოციაციის განცხადებით, ქვეყანაში თხევადი გაზის იმპორტი და რეალიზაცია გადასახადებისგან თავის არიდებით მიმდინარეობს, რაც ძირს უთხრის ყველასათვის თანაბარი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობას.

საქართველოში თხევადი გაზის (LPG) იმპორტის შემთხვევაში დაბეგვრის 2-ეტაპიანი მოდელი გამოიყენება - ერთ ტონაზე პროდუქტის განბაჟების მომენტში 120 ლარის , ხოლო დამატებით 180 ლარის გადახდა უნდა მოხდეს თხევადი გაზის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიწოდებისას.

ბიზნეს ასოციაციას ეჭვი აქვს, რომ მეორე ეტაპზე დაბეგვრისას ადმინისტრირების კუთხით პრობლემებია და დამატებითი 180 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არასრულად შედის.

ამასთან, ბიზნეს გაერთიანებამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ სტატისტიკა ქვეყანაში უაქციზო თხევადი გაზის იმპორტის მკვეთრ ზრდაზე მიანიშნებს.

„მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის პროდუქტის - 1700 ტონის იმპორტი განხორციელდა. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ მისი შემდგომი რეალიზაცია ხდება, როგორც თხევადი საავტომობილო გაზი (LPG). ვინაიდან აღნიშნული სასაქონლო კოდი არ განეკუთვნება აქციზით დასაბეგრ პროდუქციას, შესაბამისად მისი იმპორტისას არ ხდება მასზე აქციზის გადახდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

თავის მხრივ თხევადი გაზის იმპორტიორ კომპანიებს ეჭვი აქვთ, რომ ბაზრის ახლებურად დაბეგვრის ინიციატივით გამოსვლით, ბიზნეს ასოციაცია მსხვილ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს ლობირებს, რადგან მათი თქმით, ტრადიციული საწვავის 5-7%-მდე წილი თხევადმა გაზმა დაიკავა და ნავთობკომპანიებს არ სურთ დომინანტი მდგომარეობის დაკარგვა. რა ხდება რეალურად თხევადი გაზის ბაზარზე და რით არის მოტივირებული ბაზრის ახლებურად დარეგულირების ინიციატივა, BM.GE-მ მხარეების პოზიციები მოიკითხა.

ქრონოლოგიას, რომ გავყვეთ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პირველად განცხადება 26 თებერვალს გაავრცელა, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, იმ რისკების შესახებ საუბრობდა, რაც თხევადი გაზის საქართველოში იმპორტის დაბეგვრის დღეს მოქმედ მოდელს ახლავს თან.

7 აპრილით დათარიღებულ მორიგ განცხადებაში, ასოციაცია ქვეყანაში უაქციზო თხევადი გაზის იმპორტის მკვეთრ ზრდაზე და სტატისტიკაზე ალაპარაკდა.

მას შემდეგ კიდევ ორი განცხადება იყო. ბოლოს ასოციაციამ უაქციზო თხევადი გაზის დაბეგვრის ინიციატივით ამჯერად პარლამენტს მიმართა.

თხევადი გაზის ასოციაციაში ეჭვი აქვთ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს გაერთიანება მსხვილ ნავთობკომპანიებს ლობირებს, რადგან თხევადი გაზი, როგორც ალტერნატიული საწვავი, რომელიც ტრადიციულთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს. ამ ბაზრის განვითარება კი მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიების ინტერსებში არ შედის.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის დიდი ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც ამ სფეროში არ ოპერირებენ. ისინი არიან კონკურენტი სფეროს - ბენზინის, დიზელის და ბუნებრივი გაზის იმპორტიორები. რატომ უნდა ჰქონდეთ თხევადი გაზის ბაზრის განვითარების ინტერესი, მე არ მესმის. ბუნებრივია, ლობირებენ თავიანთ ინეტერსს და ამაში განსაკუთრებული არაფერი არის“, - აცხადებს ნიკა ხოფერია, თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი.

საპასუხოდ ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე აცხადებს, რომ მისთვის სამწუხაროა ამ ტიპის შეფასებების მოსმენა: „ბიზნესი ითხოვს რეგულაციებს, მეტი არაფერია ამაში ჩადებული“.

რით იყო ბიზნეს ასოციაციის თხევადი ბაზრის დარეგულირების შესახებ ინიციატივა მოტივირებული, ამ კითხვაზე საპასუხოდ მიშველაძემ განგვიმარტა, რომ თხევადი აირის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების წინა პლანზე წამოწევა გარკვეული ანალიზის შემდეგ ჩაითვალა საჭიროდ.

„პროდუქტი იმპორტისას იბეგრება მხოლოდ ერთი ტიპის აქციზით, რომელიც უფრო მცირეა, ვიდრე მეორე ეტაპის აქციზი. 120 ლარია პირველ ეტაპზე, ხოლო თუ კონკრეტული მეწარმე-სუბიექტი მას აწვდის ავტოტრანსპორტს უნდა გადაიხადოს დამატებით 180 ლარი.

ძალზე მარტივმა ანალიტიკამ აჩვენა, რომ ეს ასე არ ხდება და უმეტეს შემთხვევებში მეორე ეტაპის აქციზის თანხა, რომელიც ეკუთვნის ბიუჯეტს, იკარგება და ამას მოწმობს არამარტო ჩვენი ანალიტიკა, არამედ ჩვენი კონსულტაციები და ინფორმატული შეხვედრები ფინანსთა სამინსიტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და იმ უწყებებთან, რომლებიც, როგორც გვაქვს ინფორმაცია, არიან ძიების პროცესში კონკრეტული კომპანიების მიმართ, რომლებიც ამგვარ მანკიერ ქმედებას ახორციელებს.

არსებობს ასევე პრობლემის მეორე ნაწილი და უაქციზო კოდი, რომელზეც ასევე ხორციელდება ნავთობპროდუქტების იმპორტი და საბოლოო ჯამში მომხმარებელს აღნიშნული პროდუქტი მიეწოდება ჩვეულებივ ისევე, როგორც LPG ანუ თხევადი აირი. სხვაობა უხილავია მომხმარებლისთვის, განსხვავება გახლავთ სახელმწიფოსა და მისი ბიუჯეტის კუთხით. ეს კოდი არის უაქციზო, რომელზეც ხორციელდება იმპორტი და სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისად ხვდება 0 ლარი.

ანუ თუ ამ ორ სპექტრს გავაერთიანებთ მივიღებთ, რომ აქციზიანი კოდის შემთხვევაში სახეზე გვაქვს პრობლემა, როდესაც ბიუჯეტში ხვდება კუთვნილი აქციზის მხოლოდ ნაწილი. მეორე ეტაპზე ეს გახლავთ სრულიად უაქციზო კოდი, მომხმარებელს მიეწოდება თხევადი გაზი და ჩვენ ვთვლით, რომ ამ პრობლემების წინ წამოწევით დასკვნის გაკეთება ძალზედ მარტივია: სფეროს სჭირდება მოწესრიგება, მკაფიო რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას“, - განმარტავს მიშველაძე.

კითხვაზე, ბიზნეს ასოციაციის განცხადებამდე ხედავდა თუ არა ფინანსთა სამინისტრო თხევადი გაზის დაბეგვრის ადმინისტრირების ნაწილში პრობლემებს, მიშველაძე გვპასუხობს:

„ამ კითხვით მიმართეთ თავად ამ უწყებას. ისინი ჩვენზე მომცველ ინფორმაციას მოგაწვდიან. არ ვფლობთ ამ ტიპის ინფორმაციას, რა ტიპის მონიტორინგი ტარდებიდა აქამდე“.

რაც შეეხება პრობლემიდან გამოსავალს, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თხევადი გაზის ორეტაპიანი დაბეგვრის მოდელიდან, ერთეტაპიანი დაბეგვირის შემოღებას ითხოვს.

„ჩვენი ხედვის პრინციპი არის მარტივი. კონკრეტულ ციფრებზე თუ გადავალთ, მაგალითად 28 000 ტონაზე მეტი იქნა აქციზურ კოდზე იმპორტირებული 2019 წლის განმავლობაში ე.წ LPG. აქედან საავტომობილო მიწოდების აქციზის გადასახადით დაიბეგრა მხოლოდ 6500 ტონა ანუ დანარჩენი ამ ლოგიკას თუ გავყვები არის საყოფაცხოვრებო მოხმარება, რაც ბუნებაში გამორიცხულია. ამას თუ დავუმატებთ უაქციზო კოდზე განხორციელებულ თითქმის 13 000 ტონიან იმპორტს, ვხედავთ, რომ საკმაოდ სოლიდურ ციფრებზეა საუბარი.

ჩვენი გამოსავალი გახლავთ შემდეგი, რომ მოხდეს ერთეტაპიანი აქციზის ჩამოყალიბება როგორც ხდება ბენზინის, დიზელის შემთხვევაში და ასეთ დროს მოხდება განბაჟება იმპორტის ეტაპზე და არა საავტომობილო ტრანსპორტში მიწოდების შემთხვევაში და ბიუჯეტიც მიიღებს გარანტირებულ თანხებს“-აცხადებს მიშველაძე.

თხევადი გაზის ასოციაცში განმარტავენ, რომ დაბეგრის დღეს არსებული მოდელით ორივე პროდუქტი არის ერთმანეთთან კონკურენციაში, ხოლო თუ იქნება სხვა შეფარდებები, „რასაკვირველია ერთი პროდუქტი მეორეს გაიყვანს ბაზრიდან“:

"ჩვენ 10 მარტს პარლამენტში შეტანილი გვაქვს ინიციატივა, იმისთვის, რომ დაბეგვრის მექანიზმი იყოს სამართლიანი, როცა ლიტრში ხდება რეალიზაცია, იგივე ერთეულში უნდა მოხდეს პროდუქტის დაბეგვრა. მაგალითად ბუნებრივი გაზის შემთხვევაში დაბეგვრა ხდება მ3-ით, რეალიზაციაც ხდება მ3-ით და ყველაფერი ნორმალურად არის დალაგებული. ვინაიდან სხვადასხვა პროდუქტებს სხვდასხვა წონა აქვთ და ა.შ უნდა მოხდეს ლიტრში დაბეგვრა და შესაბამისად ყველაფერი იქნება თავის ადგილზე.

ბიზნეს ასოციაცია სხვა რამეს ითხოვს. პროდუქტები თუ გვინდა რომ იყოს კონკურენციაში, მაშინ მათგან მიღებული ჯამური ამონაგები უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური. როცა ასაღები ფასი არის ერთი და იგივე და შემდგომ ხდება მისი რეალიზაცია, ისინიც უნდა იყოს ერთი და იგივე, ერთმანეთის იდენტური უნდა იყოს, რომ ორმა პროდუქტმა ერთმანეთის მიმართ გასწიოს კონკურენცია. 2901 კოდის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ 1700 ლიტრს და რეალიზაციიდან 1700 ლარს და აქედან სახელმწიფოს არ მიაქვს გადასახადი, ეს ჩვეულებივი ამბავია, როცა მეორე პროდუქტის რეალიზაციიდან ვიღებთ 2000 ლარს, იქიდან სახელმწიფოს მიაქვს 300 ლარი აქციზის გადასახადის სახით.

რასაც ისინი საუბრობენ აქციზის გადასახადის გაერთიანებაზე და ა.შ სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად სამართლიანია, რომ დაბეგვრა უნდა იყოს არა ორეტაპიანი, ერთეტაპიანი. უნდა გაერთიანდეს ორივე საფეხურის აქციზი. თუკი სახელმწიფო ჩათვლის, რომ უნდა გადავიდეს იმ ზომის ერთეულზე, რა ერთეულშიც ხდება რეალიზაცია მაშინ იქ არანაირი კითხვის ნიშანი არ იქნება; უბრალოდ სამართლიანი იქნება...“, - აცხადებს ხოფერია და განმარტავს, რატომ არის მიუღებელი მათთვის ბიზნეს ასოციაციის მიერ შეთავაზებული დაბეგვრის მოდელი.

„ისინი ითხოვენ, რომ ორივე პროდუქტი 2711 და 2901 კოდით, წონის ერთეულში დაიბეგროს ერთი და იგივე განაკვეთით. ახლა არსებული დაბეგვრის მექანიზმით ორივე პროდუქტი ერთმანეთის მიმართ არის სამართლიან კონკურენციაში და შესაბამისად მისაღებია, მაგრამ კიდევ უფრო სამართლიანი რომ იყოს, ამისათვის საჭიროა გადავიდეთ იმ სარეალიზაციო ერთეულზე, რომელშიც ხდება რეალიზაცია, ლიტრზე. თუ კი ერთი და იგივე წონის ერთეულში ერთი და იგივე მექანიზმი იქნება დაბეგვრის, მაშინ ერთი პროდუქტი მეორეს გაიყვანს ბაზრიდან და მივიღებთ იმას, რომ საქართველოში არ შემოვა პროდუქტი, რომელიც კონკურენციიდან გავა და დავრჩებით ერთი პროდუქტის ხარჯზე“, - განმარტავს ხოფერია.

შავლეგ მიშველაძემ კი გვითხრა, რომ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია დაბეგვრის ახალ მოდელთან დაკავშირებით მათსას ემთხვევა.

ინფორმაცია ჩვენ ფინანსთა სამინისიტროში გადავამოწმეთ. უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ შესაბამისი კანონპროექტრი პარლამენტში ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა და ფინანსთა სამინისტრო მასში მონაწილოებას საკითხის განხილვის ჩანიშვნის შემთხვევაში მიიღებს.

კიდევ ერთი საკითხია საგამოძიებო უწყებაში თხევადი გაზის რეალიზატორი კომპანიების მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე დაწყებული გამოძიება, რაც დროში ემთხვევა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ თებერვალში გაკეთებულ განცხადებას, თუმცა როგორც საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს გამოძიება ასოციაციის განცხადებამდე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო და ის დღემდე მიმდინარეობს.