მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიცვალა ტურისტების სტატისტიკის გამოქვეყნების ყოველთვიური წესი - მაია ომიაძის არგუმენტები

63f64d5d1d575
თელარა გელანტია
22.02.23 23:00
1062
საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები შემუშავდა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობენ, რაც მონაცემების კვარტალურ გამოქვეყნებას გულისხმობს. აღსანიშნია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა შსს-ს მონაცემებით, რომელმაც სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა შეცვალა და მათ შორისაა სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკა.

BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროს მაია ომიაძეს სტატისტიკის გამოქვეყნების პერიოდულობის შეცვლის მიზეზებზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- გასაგებია, რომ შსს-მ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის გამოქვეყნების პერიოდულობა შეცვალა, მაგრამ მონაცემები, ბუნებრივია, აქვს და ტურიზმის ადმინისტრაციას შეეძლო გაეგრძელებინა სტატისტიკის ყოველთვიური გამოყენება. რატომ შეცვალეთ ეს წესი?

- სხვადასხვა ქვეყანაში ჩავატარეთ მოკვლევა, თუ როგორია სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების წესი და მათ შორის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორებში მონაცემები კვარტალურაად ქვეყნდება.

- რომელი ქვეყნების მაგალითები აიღეთ?

- ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სტატისტიკა ყოველკვარტალურად ქვეყნდება. მაგალითად: იტალიაში, პოლონეთში, უნგრეთში, საბერძნეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე დიდ ბრიტანეთში...

- ევროპული ქვეყნების პრაქტიკის მოშველიება რელევანტური იქნებოდა შენგენის წევრი ქვეყანა რომ ვიყოთ... დღეს ჩვენი საზღვრები მოშლილი არაა...

- ვიზიტორების სტატისტიკა კვარტალში ერთხელ ქვეყნდება გაერთიანებულ ემირატებშიც, კატარში, ქუვეითში... ამდენად, ტურიზმის ეეროვნული ადმინისტრაციაც ამ ტენდენციების და ტრენდების გათვალისწინებით, კვარტალურ გამოქვეყნებაზე გადადის.

- თუ უბრალოდ მოერგეთ შსს-ს ახალ წესს?

- ეს უფრო ერთობლივი, დაგეგმილი სტრატეგიული მუშაობის შედეგია და მიგვაჩნია, რომ კვარტალურად ინფორმაციის გამოქვეყნება უფრო ღრმა ანალიზის შესაძლებლობას მისცემს ამ სექტორში მომუშავე ბიზნესს.

- თუმცა ეს ხელს არ შეუშლიდა საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის ყოველთვიურ გამოქვეყნებასაც. უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა საერთაშორისო ვიზიტორების სტრუქტურა ქვეყანაში, სტატისტიკის გამოქვეყნების პერიოულობის შეცვლა კითხვებს არ გააჩენს?... კერძო სექტორში გაუკვირდათ ეს სიახლე.

- თქვენ ალბათ იცით, ქვეყნების მიხედვით ვიზიტორების სტატისტიკაში ვინ არის მოწინავე. ზოგადად, დივერსიფიკაცია არის ჩვენი პოლიტიკის მიზანი, რათა ერთ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, მარკეტინგული კამპანიები მხოლოდ დივერსიფიკაციაზეა მორგებული. ბუნებრივია, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გვყავს ვიზიტორების დიდი ნაწილი, მაგრამ ასეც უნდა იყოს ცნობადობის გათვალისწინებით... არ მგონია, რომ <სტატისტიკის გამოქვეყნების პერიოდულობის შეცვლას> გავლენა ჰქონდეს სტატისტიკის წარმოებაზე. ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია დაველოდოთ კვარტალურ მონაცემებს.

- BMG-მ ამ თემაზე ჩაწერა PMCG-ის უფროსი კონსულტანტი გიორგი ბრეგაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ტურიზმის ადმინისტრაციაში კვლევისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი იყო. მისი აზრით, აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს ყოველთვიური ანგარიშვალდებულება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობასა და მის სტრუქტურაზე აღარ ექნება...

- ჩვენ ერთობლივად, ბიზნესსექტორთან ერთად, დავაკვირდებით პროცესებს და შევხედავთ, ამ პროცესებს რაიმე განსაკუთრებული ცვლილება თუ ექნება ბიზნესანალიტიკის თვალსაზრისით.