მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტურისტების ყოველთვიური სტატისტიკა არ აქვთ

ომიაძე ქვრივიშვილი

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ ყოველთვიური სტატისტიკა არ აქვთ. უცხოელი ვიზიტორების შესახებ ყოველთვიური სტატისტიკის მოწოდებაზე BMG-ის უარი უთხრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ ქვეყნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები შემუშავდა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობენ, რაც მონაცემების კვარტალურ გამოქვეყნებას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა შსს-ს მონაცემებით, რომელმაც სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა შეცვალა და მათ შორისაა, სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკა.

გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიტორების სტატისტიკა ყოველთვიურად არ ქვეყნდება, BMG-მ წლის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის აგვისტოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა TOP-10 ქვეყნიდან და ასევე, თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკა თვეების მიხედვით; ტურიზმის ადმინისტრაციამ მხოლოდ კვარტალური მონაცემები მოგვაწოდა ანუ ის, რაც საჯაროდ ისედაც გამოქვეყნებულია.

"მოგახსენებთ, რომ საერთაშორისო ვიზიტების მონაცემთა წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხოლო 2023 წლიდან, სტატისტიკური მონაცემების წარმოება და გაცემა ხდება კვარტალური სახით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ანალოგიური პერიოდის შესაბამისად, ხორციელდება სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება“, - ნათქვამია 8 აგვისტოთი დათარიღებულ წერილობით პასუხში, რომელსაც ხელს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აწერს.

იმ სტატისტიკური ინფორმაციის 3-6 თვით დაგვიანების მიღების მიზნით, რომელიც 2023 წლამდე საჯარო იყო და ყოველთვიურად ქვეყნდებოდა, BMG-მ შსს-საც მიმართა. კერძოდ, შსს-დანაც გამოვითხოვეთ იანვარ-ივლისში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების ვიზიტების სტატისტიკა თვეების მიხედვით, ასევე, რუსეთიდან განხორციელებული ვიზიტების ყოველთვიური სტატისტიკა სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით, რათა გაგვეგო, რა ეფექტი ჰქონდა ავიაემბარგოს გაუქმებას და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.

შსს-ს წერილობით პასუხში, რომელსაც ხელს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან ტყეშელაშვილი აწერს, შეგვახსენეს, რომ აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ კვარტალში ერთხელ ქვეყნდება.

"გაცნობებთ, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის No1/271 ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) აღრიცხვიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების შესახებ განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - info.police.ge, სადაც შესაბამისი პერიოდულობით ქვეყნდება ზემოაღნიშნული მონაცემები“, - წერია შსს-ს პასუხში.

აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ტურისტების სტატისტიკის გამოქვეყნების ყოველთვიური წესი გაუქმდა და კვარტალური ამოქმედდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტი ირწმუნებოდა, რომ კვარტალურად ინფორმაციის გამოქვეყნება ტურიზმის სექტორს უფრო ღრმა ანალიზის შესაძლებლობას მისცემდა, თუმცა ბიზნესისთვის და ანალიტიკოსებისთვის საჯარო ისევ ის ინფორმაციაა, რაც 2023 წლამდე იყო ღია, თან ახლა - სამთვიანი დაგვიანებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები