მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიძლება გადავადდეს საერთაშორისო ტურისტების მიღება? - განმარტება

5ef086a3f3ef3
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.20 14:28
2980
2020 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს ტურისტული სექტორის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა გაიხსნება თუ არა ვიზიტორებისთვის საზღვრები, ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ტურიზმის გახსნის თაობაზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამრთულ საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე იმსჯელეს, რომლის დასრულების შემდეგაც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას იმის შესახებ თუ რა სახით მოხდება უცხოელი ვიზიტორებისთვის საქართველოს საზღვრების გახსნა. ამასთან, ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების დაჩქარებული ტემპის გამო, მრავალმა ქვეყანამ საზღვრების გახსნისგან თავის შეკავების გადაწყვეტილება მიიღო.

"მსოფლიოში ეპიდემიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. საქართველო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ფრთხილი, რადგან ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგია არის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც ყველა სხვა ქვეყანამ, რომელიც ზრუნავს მოსახლეობაზე ვაკვირდებით მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ტურისტულად აქტიურ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა. რადგან თავად ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება გადაავადონ ტურიზმის და საერთაშორისო საზღვრების გახსნა რაღაც პერიოდით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენც თვალს ვადევნებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, რის ფარგლებშიც მოხდება მხოლოდ შიდა საზღვრების გახსნა და როგორ მოხდება მათ მიერ მესამე ქვეყნებთან საზღვრების გახსნა, ამ პროცესზე დაკვირვება მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ როგორი იქნება მიდგომა საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებით, ამას უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ,” - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვების შედეგად, მაისში საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად - 95%-ით შემცირდა და მან მხოლოდ 36,015 შეადგინა.

ამ ვიზიტების ნახევარზე მეტი ტრანზიტული ტიპის საზღვრის კვეთა იყო და მათი ხანგრძლივობა 24 საათს არ აღემატებოდა. ჯამურად, ტრანზიტების რიცხვი 21,263 იყო, რაც მთლიანი საზღვრის კვეთების 58%-ია.

24 საათზე მეტხანს კი ქვეყანაში მხოლოდ 12,583 ადამიანი დარჩა, რაც წინა წელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია.

ქვეყნები, საიდანაც გასული თვის განმავლობაში ყველაზე მეტმა პირმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი:

1. თურქეთი - 16,106 მოქალაქე, კლება წინა წელთან 81%;
2. სომხეთი - 9,541 მოქალაქე, კლება წინა წელთან 93%;
3. რუსეთი - 3,561 მოქალაქე, კლება წინა წელთან 98%;
4. აზერბაიჯანი - 3,512 მოქალაქე, კლება წინა წელთან 97%;
5. უკრაინა - 932 მოქალაქე, კლება წინა წელთან 95%;
6. ბელარუსი - 717 მოქალაქე, კლება წინა წელთან 85%;
7. ევროკავშირის ქვეყნები - 477 მოქალაქე, კლება წინა წელთან 99%.

ასევე, გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავლის სახით მხოლოდ $9.1 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 97%-ით არის შემცირებული.

2019 წელს კი, საქართველომ რეკორდული რაოდენობის - 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტს უმასპინძლა. ტურისტული სექტორის შემოსავალი კი, $3.3 მილიარდი დოლარი იყო.