მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეწყდა აგროტურიზმის კანონის განხილვა? - ზამბახიძე განმარტებას ითხოვს

602164982719e
ინგა მურუსიძე
08.02.21 20:30
1541
პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დღეს განმარტა, რომ მუშაობა მიმდინარეობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელიც აგროტურიზმსაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც მოგვიანებით კანონპროექტის ინიციატორი გახდა, ჩარჩო დოკუმენტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მოუმზადა. მაშინ აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შეთავაზებული ცვლილებები გაითვალისწინა და კანონპროექტი წარადგინა.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე დავით სონღულაშვილის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. როგორც მან bm.ge-ის უთხრა, კომიტეტის თავმჯდომარისგან მკაცრად მოითხოვს პასუხს, თუ რატომ შეწყდა მუშაობა კანონპროექტზე, რომელზეც უზარმაზარი სამუშაო იყო გაწეული.

"ვფიქრობ, რომ წყალშია ჩაყრილი მთელი შრომა, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში ფერმერთა ასოციაციამ გავწიეთ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად. კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პანდემიამ კარგად გვაჩვენა. ჩვენ გავაკეთეთ რეგულირების გავლენის შეფასება (RIA), რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩენილიყო. ვფიქრობ, ბატონმა დავით სონღულაშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მას ძალიან კარგად ესმის აგროტურიზმის მნიშვნელობა. სამწუხაროა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის ნინო წილოსანის პოზიციაც, რომელთანაც ამ საკითხზე გვქონდა საუბარი; როცა სახელმწიფო გამოდის და ამბობს, რომ აგროტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამავდროულად, ხელშემწყობი პროექტი არსებობს როგორც სახელმწიფო და ასევე დონორი ორანიზაციებისგან, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ აგროტურიზმის წელი გამოაცხადა, ჩვენ ამ დროს ვაჩერებთ მსჯელობას და განხილვას უმნიშვნელოვანეს კანონპროექტზე“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

მისივე თქმით, უკვე გაიმართა ერთი შეხვედრა, სადაც კანონპროექტის მნიშვნელობაზე იყო საუბარი და მას დავით სონღულაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც პრეზენტაციაც მოისმინა.

ნინო ზამბახიძის თქმით, მიუღებელია ასე უმიზეზოდ, ყოველგვარი განხილვის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება და კანონპროექტის განხილვა შეწყვიტონ.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს პარლამენტის და პირადად დავით სონღულაშვილის მიმართ კითხვები აქვს - „იმის ღირსიც არ ვართ, გვითხრან, რატომ შეწყვიტეს საკითხის განხილვა? ტელევიზიით გავიგეთ, რომ განხილვა შეწყდა. რატომ შეწყვიტეს? ყველა ჩართული იყო კანონპროექტის შედგენაში, სამინისტროები, დონორები, ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები. ვითხოვ განმარტებებს პარლამენტისგან და დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარისგან. ინიცირებულია კანონპროექტი, რომელზეც RIA-ც კი გაკეთებულია, ყველაფერი წერია და მხოლოდ ამის თქმა, რომ აღარ განვიხილავთ, მიუღებელია. სახელმწიფო აანონსებს, რომ აგროტურიზმი არის პრიორიტეტი. მაშინ რატომ არის ყველა პროექტი მიმართული აქეთ, თუკი პარლამენტისთვის უმნიშვნელოა?“.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აუცილებლად იბრძოლებს, რომ კითხვებზე პასუხები მიიღოს.

ცნობისთვის: bm.ge შეეცდება, დამატებითი განმარტებები დავით სონღულაშვილისგანაც მოისმინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები