მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეზღუდა სებ-მა სამომხმარებლო სესხების ხანგრძლივობა 3 წლამდე? - კობა გვენეტაძის პასუხი

62ebcf6dc1240
შოთა ტყეშელაშვილი
04.08.22 17:47
970
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4-დან 3 წლამდე შეამცირა. ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ის ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხებს.

BMG-ის გადაცემა “რედაქტორში” ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტა იზეზები, რის გამოც სებ-მა ეს რეგულაცია შემოიღო. გვენეტაძის თქმით, უკანასკნელ პერიოდში სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი იყო საკმაოდ მაღალი და მისი შემცირებისთვის ვადის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

“თავი და თავი არის ის, რომ ინფლაციის პრობლემა ჯერ კიდევ არსად წასულა, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამჩნევთ და ინფორმაცია ინფლაციის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში არის ისეთი, რომ უმრავლეს შემთხვევაში მზარდია ინფლაცია, თუმცა ჩვენთან უკვე კლების ტენდენცია აქვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო, ინფლაცია ჯერ ისევ მაღალია და რისკები იმისა, რომ ინფლაცია არ გადაიზარდოს გრძელვადიან მოლოდინებში ჯერ კიდევ არსებობს.

არის ნიშნები, რომ გააქტიურებულია შიდა მოთხოვნა, ზრდა საკმაოდ მაღალია. ჩვენი შეფასების მიხედვით, ზრდა შეფასებული პოტენციური მაჩვენებლის დონეზე უფრო მაღალია. ეს ორივე მიმართულება ქმნის იმის რისკებს, რომ შესაძლებელია ინფლაცია კიდევ უფრო ნელა შემცირდეს, ვიდრე ჩვენ დღეს-დღეობით ვუყურებთ.

ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, ჩვენ სხვა ინსტრუმენტიც გვაქვს. მე გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ ამ საკითხის დასმა მომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ როგორც წესი მაკრო-პრუდენციულ მექანიზმს ჩვენ შემოვიღეთ კალათა სხვადასხვა ბერკეტების. ალბათ ისმის კიტხვა, რატომ ეს და რატომ ეხლა. საქმე იმაშია, რომ დღესაც ჩვენი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი ინფლაციასთან ბრძოლის არის რეფინანსირების განაკვეთი. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან დოლარიზაცია მაღალია, ჩვენთან რეფინანსირების განაკვეთის გადაცემა ანუ მექანიზმი რომლითაც ის მუშაობს არის შესუსტებული. მაშინ როდესაც ჩვენ ვამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, ეს მხოლოდ ერთ სეგმენტზე მოქმედებს, რაც არის ლარში გაცემული სესხები.

იმის მიუხედავად, რომ გაზრდილია რეფინანსირების განაკვეთი, საერთო ჯამი სესხების ზრდის არ კლებულობს. საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეაქვს ამაში უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს. ეს ჩვენთვის იყო ნიშანი, რომ ზღვრული ეფექტურობა, რაც გამკაცრებას აქვს, მცირდება.

იყო პერიოდები, როდესაც 0.25%-ით გაგვიზრდია და ამას ჰქონია ეფექტი. ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ამ ანალიზმა აჩვენა, რომ სავალუტო სესხები ძალიან მაღალი ტემპით იზრდება. ასევე იზრდება მაღალი ტემპით სამომხმარებლო სესხები,”- აცხადებს კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ ბანკებს ჯამში 4.2 მილიარდი ლარის მოცულობის არაუზრუნვლეყოფილი სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული. გასულ წელს სამომხმარებლო კრედიტების პორტფელი 3.16 მილიარდი ლარი იყო, შესაბამისად ბოლო ერთ წელში ამ სესხების მოცულობა 34%-ით არის გაზრდილი. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მაღალი ზრდის ტემპის გამო, სებ-მა ამ მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება გადაწყვიტა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სამომხმარებლო სესხების რაოდენობაა 1.2 მილიონი, შესაბამისად ერთი სამომხმარებლო სესხის საშუალო ზომა 3,512 ლარია. წინა წელს მსგავსი კრედიტების საშუალო ზომა 2,810 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება სამომხმარებლო სესხების ვადიანობას, ამჟამად სამომხმარებლო სესხების ნაშთში 2-დან 4 წლამდე სესხები ჭარბობს, რომელთა მოცულობაც 3.45 მილიარდი ლარია. 1-დან 2 წლამდე კრედიტების ზომა 500 მილიონი ლარია, 1 წლამდე კრედიტების პორტფელი კი 120 მილიონი ლარია.