რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ლარის კურსზე აისახება არა მხოლოდ ის, რაც ხდება ქვეყანაში, არამედ ისიც, რაც ხდება საზღვარგარეთ.
თუმცა კურსის მკვეთრი ვარდნის მთავარ ინდიკატორად ვიცე-პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს. მისი აზრით, მთავარი მიზეზი ოპოზიციური პარტიების ქმედებებია, რომელიც "სადღაც შევარდნებში, აქციებსა და მსგავს ქმედებებში გამოიხატება".
მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესები სამართლებრივ ჭრილში უნდა გადავიდეს. "ამის შემდეგ ყველა ვიქნებით კმაყოფილი ვალუტის კურსითაც და ეკონომიკური ზრდითაც“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ინფორმაციისთვის: Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დღეს მკვეთრად გაუფასურდა და დროის მოკლე პერიოდში დოლარის ღირებულება 3.35-დან 3.40-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ლარი დოლართან 13 თეთრით გაუფასურდა




























