25.სექტემბერი .2019 14:00

რატომ ურჩია IMF-მა საქართველოს ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსება?

views 769
უკან

„როდესაც ამ თემის შესწავლა დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ გარე ბუფერების დონე იყო ძალიან დაბალი. ეს არის ეკონომიკა, რომლის ზრდაც ძალიან არის დამოკიდებული გარე მოთხოვნაზე. აღმოვაჩინეთ, რომ ის საკმაოდ გამძლეა გარე შოკების მიმართ, მაგრამ გვინდოდა, რომ ეს მედეგობა კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა“ - ამბობს მერსედეს ვერა-მარტინი „ანალიტიკა“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციას შემდეგნაირად ასაბუთებს:

„დამოკიდებული ხართ ექსპორტზე, ძალიან გვიხარია ასოცირების დღის წესრიგის გააქტიურება და ა.შ. მაგრამ მოცემულობა ასეთია - თუ მეზობლები ნაკლებად გაიზრდებიან, თქვენც ნაკლებად გაიზრდებით. ამისთვის არის საჭირო ადეკვატური რეზერვები - ბუფერი, რომ შემცირდეს შოკის დარტყმა. რეზერვების შევსება ამის კარგი საშუალებაა“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ფონდის ამოსავალი ამ შემთხვევაში იყო ქვეყნის წინაშე არსებული არჩევანი: ან ეკონომიკური ზრდის შემცირება, ან რეზერვების შევსება და ამით ისეთი ბუფერების შექმნა, რომლებიც მოსალოდნელი გარე შოკებისგან მომავალში უფრო ადვილად დაგიცავს.

„პირველი გზა ჩვენი შეფასებით მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტად მტკივნეული იქნებოდა, რადგან ისინი დაკარგავდნენ სამუშაოს და შემოსავალს“ - განმარტავს „ანალიტიკა“-სთან მერსედეს ვერა-მარტინი.

კითხვაზე - აანალიზებს თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის სპეციფიკას, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს, თუ ეს რჩევები მხოლოდ თეორიულ ცოდნას ეფუძნება - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიდგომა ძალიან პრაგმატულია“.

მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, ფონდი დეტალურად ეცნობა ქვეყანას, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებს.
„ამდენად, ეს არ არის მზა სახელმძღვანელოს რეკომენდაციები, რომლებსაც გავცემთ. ამას გარდა, ყველა მიდგომას დეტალურად განვიხილავთ მთავრობასთან. ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს მთავრობის საქმეა, მათ ჩვენზე უკეთ იციან, რა სჭირდება ქვეყანას. ჩვენ რჩევებით ვამარაგებთ და რეკომენდაციას ვუწევთ იმ გზებს, რა გზითაც ჩვენ ვფიქრობთ რომ საუკეთესო შედეგის მიღწევა შეიძლება. არჩევანი მათზეა“, - ამბობს მერსედეს ვერა-მარტინი.

ამასთან, რამდენად დახურავს საქართველო ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ შემდეგ მიმოხილვას და რამდენად გაეზრდება მას წვდომა ამ მხარდაჭერით გათვალისწინებულ ფინანსურ კომპონენტზე, დამოკიდებულია მთავრობის მხრიდან იმ დათქმების დეტალურ შესრულებაზე, რომელსაც ეს დოკუმენტი ითვალისწინებს. დარჩენილი თანხა დაახლოებით 60 მილიონ ესდიარს ანუ დაახლოებით 84 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა