მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ, კითხვებს ამომწურავი პასუხები გავცეთ - თურნავა IMF-ს

ეკონომისტები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა. დღესვე IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა BMG-ის განუცხადა, რომ სავალუტო ფონდი შეშფოთებულია ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებებით. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს დეტალურად  გააცნო თუ რას გულისხმობს სანქციების შესრულების წესში განხორციელებული ცვლილებები და რატომ დადგა დღის წესრიგში ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. 

„საქართველოს ეროვნულ ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. შეხვედრაზე შევთანხმდით,  რომ ფონდთან ინტენსიური კომუნიკაცია მომავალშიც  გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ კითხვების არსებობის შემთხვევაში ამომწურავი პასუხები გავცეთ მათ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

"როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა.  ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,"- ნათქვამია ჯეიმს ჯონის განცხადებაში. 

ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების გამონაკლისი წესი 19 სექტემბერს დაამტკიცა, 20 სექტემბერს კი ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადადგომისკენ მოუწოდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას და მისი წარდგენისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. თავად ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს, ხოლო სანქციების წესის ცვლილება რომელიმე ერთ კონკრეტულ პირზე არაა მორგებული.

შეხვედრას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა  და რობერტ სინგლეტარი ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები