გმირთა მოედნის მიწისქვეშა გზაგამტარისა და სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გვირაბების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არცერთ ლოკაციაზე ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესი არ დაწყებულა.
როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ოროვე შეთხვევაში ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ ვერ მოხერხდა საჭირო გამოცდილების მქონე კომპანიის მოძიება.
კითხვაზე - თუ რა გეგმა აქვს თბილისის მერიას ამ ლოკაციებთან დაკავშირებით, ირაკლი ბენდელიანი კონკრეტულ პასუხს ვერ გვცემს, უბრალოდ ამბობს, რომ ქალაქში იმის გათვალიწინებით, რომ რამდენიმე მსხვილი მასშტაბური პროექტი ერთდროულად მიმდინარეობს, პროექტები პრიორიტეტულობის მიხედვით განხორციელდება.
შესაბამისად, ბენდელიანი ვერ აკონკრეტებს აღნიშნული მონაკვეთების სარეაბილიტაციო ვადებს.
“ორივე გვირაბთან დაკავშირებით ჩვენ მიერ რამდენიმეჯერ მოხდა ტენდერის გამოცხადება და სამწუხაროდ, უარყოფითი შედეგით დასრულდა. შემოდიოდნენ პრეტენდენტები და ვერ აკმაყოფილებდნენ იმ გამოცდილებას, რაც ჩვენ გვქონდა მოთხოვნილი. იმის გამო, რომ ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური გზაგამტარი ქალაქისთვის, ვერ დავუშვებდით იმას, რომ აქ შემოსულიყვნენ გამოუცდელი კომპანიები და შემდეგ გვირაბის რეაბილიტაციის დროს ესწავლათ საქმე”, - ამბობს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტები თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წლის ინვარში 2019-2020 წლების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე დაანონსა. ორივე პროექტის განხორციელება გასულ წელს იგეგმებოდა. სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული გვირაბის რეაბილიტაციაში - 2 მილიონი ლარი, ხოლო გმირთა მოედნის მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციაში 11 620 192 ლარი უნდა დახარჯულიყო.