21.ივლისი .2021 19:49

რატომ ყიდის "საქართველოს ფოსტა" შვილობილ კომპანიას - დირექტორის განმარტება

რატომ ყიდის "საქართველოს ფოსტა" შვილობილ კომპანიას - დირექტორის განმარტება
views 611
უკან

“საქართველოს ფოსტა” მის საკუთრებაში არსებული საწარმოს - “ჯორჯიან კარგოს” 51%-იან წილს ყიდის. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული აუქციონის თანახმად, კომპანიის 51%-იანი წილი 3.5 მილიონ ლარად იყიდება.

კომპანია “ჯორჯიან კარგო” ამჟამად ლოგისტიკური სერვისების მიწოდებით არის დაკავებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ფოსტაა”. შესაბამისად, აუქციონის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში ფოსტის საკუთრებაში კომპანიის 49%-იანი წილი დარჩება.

კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, „საქართველოს ფოსტაში“, რომლის ძირითად ფუნქციას საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საწარმოს კომერციალიზაციისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ამ მიზნით, საწარმოს სტრუქტურულ ცვლილებასთან ერთად, უკვე მომზადდა საინვესტიციო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ფოსტაში“ შემავალ ცალკეულ ბიზნეს მიმართულებებს შეეხება.

„ჩვენი მიზანია, გავზარდოთ “საქართველოს ფოსტის“ კომერციული მიმზიდველობა და ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, მოვიზიდოთ ისეთი სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც სატერმინალო და საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებების დახვეწაში, მოდერნიზებასა და განვითარებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

აუქციონის პირობების თანახმად, “ჯორჯიან კარგოს” შემძენმა კომპანიაში 24 თვის განმავლობაში არანაკლებ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონის პირობების დანართის თანახმად, დღეის მდგომარეობით, "ჯორჯიან კარგოს” საკუთრებაშია 3.1 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება; 3.17 მილიონი ლარის ღირებულების 94 ცალი ავტომობილი; 1.07 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საოფისე ტექნიკა.

კომპანიის საკონტროლო პაკეტის გასხვისების აუქციონი 29 ივლისს სრულდება.

“საქართველოს ფოსტის” მიერ მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილის გასხვისება სავარაუდოდ წარსულში დაანონსებული პრივატიზაციის ნაწილია.

რაც შეეხება თავად “საქართველოს ფოსტას”, ის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოა. კომპანიის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ფოსტის და მისი შვილობილი კომპანიების ჯამური აქტივები 93 მილიონ ლარს შეადგენს. 2020 წელს კომპანიას 74.9 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8.7 მილიონი ლარით ნაკლები იყო. ამასთან, 2020 წელს კომპანიის მოგებამ 6.1 მილიონი ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა