მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ყიდულობს მთავრობა ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან: "ვიწყებთ მონაცემების გამოქვეყნებას" – "ელ გრინი"

603220026d695
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.21 13:00
8471
ვიწყებთ მონაცემების გამოქვეყნებას, რათა საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვის ნიშნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომელიც დღეს საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” მოღვაწეობს და სათავეში უდგას ისეთ პროექტს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებას, ასევე აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს გულისხმობს. კომპანიასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე მან გადაცემა “ფორბს კვირაში” გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

ზურაბ ნოღაიდელის განმარტებით, ხშირად ისმის კითხვები, თუ რატომ ყიდულობს საქართველო ელექტროენერგიას “ელ გრინისგან”(რომელიც იმპორტს აზერბაიჯანიდან ახორციელებს) და ხომ არ არიან კომპანიის დამფუძნებლები დაკავშირებული მმართველ პარტიასთან? მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო ძვირია, რუსეთში კი უფრო იაფი, თუმცა, საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობიდან გამომდინარე, ქვეყანა ერიდება ჩრდილოელი მეზობლისგან ელექტროენერგიის შეძენას და ყიდულობს ძვირ ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან.

“დღეს კითხვები ისმის ასე, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტის ფასები მაღალია, ვიდრე რუსეთიდან, მაგრამ "რუსეთიდან იმპორტს პოლიტიკური მიზეზების გამო არ ვახორციელებთ" და ვითომ აზერბაიჯანიდან იმპორტი პოლიტიკურია და ფასიც მაღალია… შემდეგ ამას მოჰყვება სხვა სპეკულაციები, რომ რადგან “ელგრინს” აძლევენ უფრო მაღალ ფასად ელექტროენერგიის შემოტანის შესაძლებლობას, ვიღაც არის წილში და ა.შ. ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს პასუხი”,– აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ კითხვების გასაბათილებლად კომპანიამ გადაწყვიტა, ყოველი თვის დასრულებისა და მონაცემების შეჯამების შემდეგ გამოაქვეყნოს მონაცემები: რა ფასად მიაწოდეს საქართველოს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან, რა იყო სხვა შეთავაზებები და ა.შ.
ზურაბ ნოღაიდელი კონკრეტულ მაგალითზეც საუბრობს და განიხილავს, რამდენი ელექტროენერგია და რა ფასად შეიძინა საქართველომ იანვარში. მისი განმარტებით, იანვრის პირველ ნახევარში, როცა დასვენებები იყო, ქვეყანას უღირდა რუსეთიდან ელექტროენერგიის შეძენა, მოგვიანებით კი აზერბაიჯანიდან. იანვრის თვის მონაცემებზე ნოღაიდელი დეტალურად საუბრობს.

“ენგურჰესი 21 იანვარს გაჩერდა, რის გამოც 2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა 414.1 მლნ კვტ/სთ. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა, რაც გასაგებია ენგურჰესის გაჩერებიდან გამომდინარე.
საქართველოში 262.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და დაახლოებით 151.8 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ფორმალურად ჩანს, რომ რუსეთდან იმპორტი ბევრად მეტია, ვიდრე აზერბაიჯანიდან, მაგრამ ახლა დეტალურად გავიაროთ: რუსეთიდან იმპორტის დიდი ნაწილი 182.4 მლნ კვტ/სთ მოხმარდა აფხაზეთის მოხმარების დაბალნსებას. შესაბამისად, სახელმწიფოს ამაში თანხა არ გადაუხდია – ეს არის რუსეთის მიერ სუბსიდირებული ელექტროენერგია აფხაზებისთვის.

ხოლო, 79.9 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი რუსეთიდან განახორციელა ესკომ(ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორმა საქართველოში). რუსეთის იმპორტის ფასები იანვარში, შაბათ–კვირას იყო 4.1 ცენტი, ღამე 10 საათის განმავლობაში 4.1 ცენტი, დღის და საღამოს, 14 საათის განმავლობაში– 7.8 ცენტი. მაგრამ იმის გამო, რომ იანვრის პირველი 10 დღე სულ დასვენების დღეები იყო, საქართველოსთვის კომერციულად უფრო მისაღები იყო რუსეთიდან იმპორტი.

ესკო ასეც მოიქცა და მიიღო კიდეც საშუალო ფასი 4.1 ცენტი და განახორციელა 69.9 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი რუსეთიდან 1–10 იანვარს.

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან იმპორტს, ელექტროენერგიის ნაწილი 47.2 მლნ კვტ/სთ – მთელი თვის განმავლობაში მიეწოდათ პირდაპირ მომხმარებლებს და 12.9 მლნ კვტ/სთ ტრანზიტით გავიდა თურქეთში.

104.3 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი განახორციელა ესკომ "ელ გრინთან" დადებული კონტრაქტით და ფასები იყო შაბათ–კვირას 3.9 ცენტი, ღამის საათებში 3.9 ცენტი და დღის და საღამოს, 14 საათის განმავლობაში– 5.4 ცენტი, შესაბამისად, ნათელია, რომ 11–იანვრიდან მოყოლებული ესკომ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა აზერბაიჯანიდან და არა რუსეთიდან”,– აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.