მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე იმუშავებს მაია ბითაძის კომიტეტი? - პრიორიტეტები განისაზღვრა

602274cb6dd57
ინგა მურუსიძე
09.02.21 16:15
605
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, ახალი მოწვევის პარლამენტში კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები განსაზღვრა და 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, კომიტეტის გეგმის შემუშავებისას, განისაზღვრა როგორც ის მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა უნდა დაიწყონ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე, დამუშავდა სამინისტროდან მიღებული წინასწარი მონაცემები იმ კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ, რომელსაც მთავრობა მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს.

სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი, რომელიც კომიტეტის დებულებაში ცვლილების ინიცირებას, განხილვას და დამტკიცებას ეხება. კომიტეტის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, კომიტეტის დებულებაში განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც იმუშავებს; მათ შორის, ესაა ბიომრავალფეროვნების დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოპოვება, მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა, ასევე ქალაქებსა და სოფლებში მართვისას გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება.

კომიტეტის სხდომაზე თემატური და სამუშაო ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს და იმსჯელეს იმ მიმართულებებზე, რომელიც დღეისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

„პირველი საკითხი, რომელზეც ვფიქრობთ, რომ თემატური მოკვლევა იქნება საინტერესო, ეფექტიანი და რომელიც საბოლოო ჯამში, საკანონმდებლო ცვლილებებსაც გამოიწვევს, ეს არის ინერტული და სახიფათო ნარჩენების მართვის თემა. ეს საკითხი ნარჩენების მართვის კოდექსით მართალია დარეგულირებულია, მაგრამ არა პროცედურულად. ხორციელდება რამდენიმე პროექტი ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის, რომლებიც ირიბად არეგულირებენ ამ საკითხს, მაგრამ კანონმდებლობის დონეზე მაინც ღიად რჩება. ინერტული და სახიფათო ნარჩენების თაობაზე თემატური მოკვლევა მივიჩნიეთ, რომ არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რომელიც საჭიროებს ჩვენს ჩართულობას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მეორე საკითხად თემატური მოკვლევისთვის განისაზღვრა გარემოსდაცვითი ეკონომიკა - მწვანე ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფაქტობრივად ახალი საკითხია ქვეყნისათვის.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კლიმატის ცვლილების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ქვეყანას აღებული აქვს უამრავი ვალდებულება, რაც უკავშირდება გაფრქვევების შემცირებას, განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების გამოყენებას წარმოებაში, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს იმას, რომ თბური აირები მინიმალურად მოხვდეს ატმოსფეროში, რაც გარემოსდაცვითი ეკონომიკის მთავარი მიმართულებაა.

მისივე თქმით, მეორე მთავარი მიმართულება ისაა, რომ თუ არ შეიქმნა წამახალისებელი მექანიზმები იმისათვის, რომ ბიზნესი ეტაპობრივად გადავიდეს და წარმოებაში საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები გამოიყენოს, ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუჭირდება იმ ვალდებულებების შესრულება, რაც აღებული აქვს და რომელთა შესრულებასაც საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ. თემატური მოკვლევა კი დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რა მექანიზმები უნდა შექმნას სახელმწიფომ ამ სფეროს მოგვარებისთვის.

თემატური მოკვლევის მესამე მიმართულებად პესტიციდებისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების კონტროლი განისაზღვრა. ეს საკითხი კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, საწარმოო პროცესის სწორ მართვასთან.

კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო ასევე სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ, მათ შორის, გამოიკვეთა სამი მიმართულება: ტყე, მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა და გამონაბოლქვები.

როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, კომიტეტი, დონორების მხარდაჭერით, გამოწვევებიდან გამომდინარე, სხვა მიმართულებებითაც გეგმავს მუშაობის გააქტიურებას. ტყესთან დაკავშირებით საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას კომიტეტი უკვე ამ კვირიდან იწყებს, შედგება მოსმენა კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან დაკავშირებით, ასევე განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.