მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე სასაუბროდ არის მზად ნათია თურნავა ENKA-სთან?

61e7da03db905
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.22 13:36
1307
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მსგავსი სტრატეგიული პროექტები სახელმწიფოს ლიდერშიპით უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა არა 100%-იანი წილით, არამედ - ნაწილობრივ. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე "ნამახვანჰესის" პროექტზე საუბრისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ როგორც bm.ge-სთვის გუშინ გახდა ცნობილი, $800-მილიონიანი "ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორმა ENKA-მ თბილისსა და ქუთაისში ოფისები დახურა და კომპანიიდან თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.


მინისტრის თქმით, როდესაც ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია, ენერგეტიკის განვითარება და მსხვილი ენერგოპროექტების განხორციელებას ამ პროცესისთვის აუცილებელი კომპონენტია. შესაბამისად, სახელმწიფომ ამგვარ პროექტებში ლიდერის როლი უნდა შეასრულოს, რადგან ამგვარი პროექტების განხორციელება მით უფრო საქართველოში მარტივი არ არის.

„საქართველოს მსგავსი მსხვილი, კაშხლიანი მშენებლობის გამოცდილება უახლეს ისტორიაშია არ აქვს. საბჭოთა კავშირში განხორციელებული მსხვილი პროექტების შემდეგ ძალიან დიდი წყვეტა იყო. ისტორიულად ამ პერიოდში 90-იანი წლებიდან ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების მიმართ. რეალობაში ძალიან ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც არ არის მარტივი ახლა ასეთი მსხვილი პროექტის აშენება, მით უფრო მაშინ, როდესაც მასში კერძო უცხოელი ინვესტორი მონაწილეობს, რომელსაც თავისი მიზნები გააჩნია და პირველ რიგში, ეს პროექტის მოგებიანობაა, ნაკლები რისკები და თავისტკივილია. შეიძლება ინვესტორი არ იყოს მზად ყოველთვის, რომ სათანადო მოქნილობა და მოთმინება გამოიჩინოს ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე, მაინც სახელმწიფოზე გადადის პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს ლიდერშიპი ასეთ პროექტებში გარდაუვალია; ეს არ ნიშნავს იმას, რომ 100%-ით სახელმწიფომ თავისი სახსრებით უნდა აკეთოს, მაგრამ წარმმართველი როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს.

ნებისმიერ პირობებში სტრატეგიულ ენერგეტიკული პროექტები უნდა განვითარდეს და ნამახვანის პროექტმა გვაჩვენა, რომ ასეთ სტრატეგიულ პროექტებში მეტ ნდობას ის ფაქტი იწვევს თუ სახელმწიფო ლიდერია და სახელმწიფო უფრო მეტ გადამწყვეტ სიტყვას იტყვის", - თქვა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - აქვს თუ არა სახელმწიფოს შესაბამისი ფინანსური რესურსი, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "სახელმწიფო ამ ტიპის პროექტებისთვის მზად არის, რადგან ეს იმ ტიპის პროექტებია, რომლისთვისაც რესურსი ყოველთვის მოიძებნება რადგან ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეკონომიკური ზრდაც ამაზეა დამოკიდებული“.

ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ENKA-სთან საარბიტრაჟო დავამდე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა პროექტიდან ინვესტორის გასვლა ურთიერთმოლაპარაკების გზით, ორივე მხარის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

„მიუხედავად იმისა როგორ წარიმართება ჩვენი შემდგომი ურთიერთობები კომპანია „ენკასთან“, თუ ნებისმიერ ინვესტორთან და მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა ინვესტორი სწორი კომუნიკაციის აწყობას პროექტის ირგვლივ, თვითონ პროექტი არ უნდა დაზიანდეს. ინვესტორთან შევეცდებით არბიტრაჟის და დავის გარეშე დავხუროთ ეს ფურცელი. თუ დავინახავთ, რომ ინვესტორი მზად არის უფრო მოქნილი გახდეს და კომუნიკაციაში შევიდეს მოსახლეობასთან, გარემოსდაცვით საკითხებს სწორად უპასუხოს და დაბრუნების სურვილი გააჩნია, ამაზეც ვისაუბრებთ; თუ მოლაპარაკების შედეგად ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ და ინვესტორსაც გვირჩევნია დავცილდეთ, ესეც დავის გარეშე, ურთიერთმისაღები პირობებით უნდა მოხდეს“, - განმარტა თურნავამ.