მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის პროდუქტების მწარმოებელი „შირაქი“ კანადასა და ისრაელში ექსპორტისთვის ემზადება

61ea7d2d2707b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.01.22 10:10
1367
ნედლი რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანია „შირაქი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე ნედლი რძისგან წარმოებული პროდუქტების დეფიციტია, ამიტომ "შირაქი" აქტიურად მუშაობს ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა ბენიაიძე აქვე განმარტავს, რომ როდესაც სხვა ქვეყნებიდან კარგი შემოთავაზება და განვითარების კარგი საშუალებაა, კომპანია ამ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. დღეისთვის „შირაქს“ საინტერესო შემოთავაზებები კანადიდან და ისრაელიდან აქვს, რაზეც აქტიურად მუშაობენ.

BM.GE-სთან საუბრისას ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, რომ კომპანია დღიურად 8-10 ტონა ნედლ რძეს ამუშავებს, რომლის 15-20% ექსპორტზეა მიმართული და ეს მოცულობა ახალი ბაზრების ათვისების შემთხვევაში გაიზრდება, თუმცა რამდენით ჯერ ვერ აკონკრეტებს.

„კანადასთან დოკუმენტაციაზე მიდის მუშაობა, ჩვენ მზად ვართ და როგორც კი თანხმობა გვექნება პირველი საექსპორტო პარტიაც გაიგზავნება, თუმცა როდის მოხდება, ეს არ ვიცი. პარალელურად ვესაუბრებით ისრაელსაც და ვიმედოვნებთ ამ ორი ქვეყნიდან პასუხს მალე მივიღებთ“, - ამბობს „შირაქის“ დამფუძნებელი.

დღეისთვის „შირაქის“ ბრენდის ყველი სინგაპურში, დუბაიში, საფრანგეთსა და აშშ-შიც გადის, თუმცა ამ მიმართულებით ყველის გარდა მაწვნის ექსპორტიც ხდება. „შირაქის“ საექსპორტო მოცულობები წლიურად დაახლოებით 40 ტონას აღწევს. ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე რძის პროდუქტებისა და მსოფლიოში ტრანსპორტირების გაძვირებამ მათი პროდუქტი საერთაშორისო ბაზრებზეც გააძვირა, თუმცა ეს მათი პარტნიორებისთვის პრობლემა არ ყოფილა და „შირაქზე“ მოთხოვნა სტაბილურია.

„ამ ქვეყნებში ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს და ბევრი ქართული სამზარეულო მუშაობს, რომელებიც ჩვენს პროდუქტს მოიხმარენ, შესაბამისად, შირაქის ნედლი რძის პროდუქტებზე მოთხოვნა ნარჩუნდება. განსაკუთრებით დიდი ინტერესი აშშ-დან არის, სადაც ძალიან ბევრი ქართული რესტორანი ფუნქციონირებს“, - განმარტა ფერმერმა.