მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets: ქართული მოცვი არაბულ ბაზარზე - „აგროლეინის“ ისტორია

646da54b91932
ლიკა მეგუთნიშვილი
24.05.23 10:40
1978
საქართველოში ლურჯის მოცვის წარმოებას არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. მოცვის პირველი ნერგები ქვეყანაში 15 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან უცხოელი აგრონომები საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. ამბობდნენ, რომ კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით, ეს კულტურა საქართველოში ვერ გაიხარებდა. თუმცა, ქართველმა აგრონომებმა მალევე დაამტკიცეს, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელ ბევრ ქვეყანაზე მეტად, ამ კულტურამ სწორედ საქართველოში გაამართლა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ლურჯი მოცვი იმერეთის მიწასთან წარმატებით დაამეგობრა კომპანია „აგროლეინია“.

ისტორია ასეთია: 2010 წელს ორმა მეგობარმა ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, რომელიც ქართული ბაზრისთვის უცხო, თუმცა დიდი საექსპორტო პოტენციალის მქონე იქნებოდა. მოცვის პირველი ნერგები ამერიკიდან ჩამოიტანს და პლანტაციები ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში გააშენეს. მალევე მიხვდნენ, რომ მხოლოდ წარმოება საკმარისი არ იყო და კენკრას სათანადო შენახვა-გადამუშავება სჭირდებოდა. 2 მილიონი ლარის ინვესტიციით ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს და შექმნეს საწარმო, რომელიც დღეისთვის 200 ტონა მოცვის გაციებას, დახარისხებას, შეფუთვასა და რეალიზაციას უზრუნველყოფს. თუმცა, კომპანია ამ რაოდენობაზე გაჩერებას არ აპირებს.

„ეს საწარმო თავიდან გაცილებით უფრო პატარა იყო. ყოველ წელს ვამატებდით სიმძლავრეებსა და სამაცივრე კამერებს. წელს კიდევ ახალი ხაზი დავამატეთ და შესაბამისად, ორჯერ მეტის წარმოება შეგვიძლია. ჩვენი ამოცანაა, რომ წარმადობა რაც შეიძლება გავზარდოთ. გვინდა, რომ ჩვენს საწარმოში წელიწადში 700-800 ტონა მოცვის გადამუშავება შევძლოთ. ვფიქრობთ, რომ 2025 წლისთვის ამ მიზანს მივაღწევთ“, - აცხადებს „აგროლეინი“-ს დამფუძნებელი გიორგი ღვინიაშვილი.

ადგილობრივ ბაზარზე „აგროლეინში“ წარმოებული მოცვის მხოლოდ 20% იყიდება. 160 ტონა კი, ექსპორტზე გალფის, ევროკავშირისა და მეზობელ ქვეყნებში იყიდება. საწარმოს გაუმჯობესებამ შედეგები უნდა გაზარდოს. „აგროლეინში“ წელს საექსპორტო მაჩვენებლების გაორმაგებას ელოდებიან. მეტი მოსავალი მეტად ათვისებული ბაზარია. აქცენტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე კეთდება, სადაც კომპანია მსხვილ სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობს, ქართული მოცვი თანაბარ კონკურენტულ გარემოშია და მოგების მარჟაც საინტერესოა.

„ჩვენი ძირითადი ბაზარი არის არაბეთის გაერთიანებული საამიროები. წლებია, იქ პირდაპირ სუპერმარკეტებთან ვთანამშრომლობთ. საამიროებში უდიდესი ქსელია „ლულუ“ რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ და პროდუქციას პირდაპირ მათ ვაწვდით. წელს „ლულუ“-სთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ გალფის ყველა ქვეყნის „ლულუ“-ს ქსელში ჩვენ შევიტანთ პროდუქციას. თავიდან, რასაკვირველია იმდენი მოცვი არ გვექნება, რომ ყველა ქვეყანას მივაწოდოთ, მაგრამ ეტაპობრივად დავიწყებთ და სეზონის ბოლომდე ყველას მივაწვდით“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა, პროდუქციის 89% რუსეთის ბაზარზე გავიდა. „აგროლეინის“ მიერ წარმოებული პროდუქცია კი, დარჩენილ 11%-შია. რუსულ ბაზარზე უარის თქმას კომპანიაში მკაფიო არგუმენტებით ამყარებენ, - ქართული მოცვი ისეთ ბაზრებზე უნდა წარედგინათ, სადაც პარტნიორებსაც და პროდუქტსაც დააფასებდნენ. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა კი, ამ მიზნის მისაღწევ გზაზე მათი მთავარი მხარდამჭერია.

„ყოველ წელს დავდივართ გამოფენებზე. წელს გერმანიაშიც ვიყავით და დუბაიშიც. ორივეგან USAID-ის დახმარებით პოტენციურ მყიდველებს შევხვდით. ასევე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით ჩვენთან არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან დელეგაცია ჩამოვა და დიდი იმედი გვაქვს, წარმატებული მოლაპარაკებები გვექნება“, - აღნიშნა ღვინიაშვილმა.

„აგროლეინში“ გაჩერებას არ აპირებენ და ახალ ახალ სამიზნეებში მოცვსაც გასცდნენ. კომპანიამ ვარციხის პლანტაციებში 10 ჰექტარ ფართობზე ქლიავის გაშენებაც დაიწყო და წელს 100 ტონა მოსავალს ელოდებიან, რისი დიდი წილიც ექსპორტზე გავა. განხილვაშია ხურმის გაშენებაც. ზუსტად იციან, რომ იმერეთის ერთ პატარა სოფელში ისეთი ხარისხიანი, მდიდარი გემოვნური თვისებების მქონე ხილის წარმოებაა შესაძლებელი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე სტაბილურ ადგილს და მზარდ მოთხოვნას უზრუნველყოფს.