მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა პროგნოზი შეცვალა და ცალკეულ ქვეყნებში უფრო მძიმე რეცესიას მოელის

5f75ddb81c43c
ნათია თაქთაქიშვილი
01.10.20 23:10
1346
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) წევრი ქვეყნებისთვის ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. EBRD-ის შეფასებით, ბანკის წევრი განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 3.9% იქნება. როგორც ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ეკონომიკური პროგნოზი გაუარესებულია, ვიდრე ეს თავდაპირველ ანგარიშში იყო ასახული. კერძოდ, წინა პროგნოზით, EBRD ევროპის განვითარებადი ქვეყნებისთვის 2020 წელს 3.5%-იან რეცესიას პროგნოზირებდა. 

ამასთან, შესუსტებულია 2021 წლის აღდგენის პროგნოზიც, თავდაპირველად EBRD გამოთქვამდა ვარაუდს, რომ 2021 წელს განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში ეკონომიკის საშუალო ზრდა 4.8% იქნებოდა, თუმცა ახალი პროგნოზით, ზრდა 3.6%-მდე არის შემცირებული. 

EBRD-ის განცხადებით, განსაკუთრებული ეკონომიკური ვარდნა იქნება იმ ქვეყნებში, რომელიც მნიშვნელოვნად დამოკიდებული არიან ტურიზმზე, მაგალითად, ალბანეთი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და მონტენეგრო.

EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკა 2020 წელს 4.4%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წლიდან 3.5%-ით გაიზრდება.

ხოლო 2020 წელს დასავლეთ ბალკანეთის, ალბანეთის და მონტენეგროს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდება და მომავალი წლიდან აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკა 3.4%-ით გაიზრდება.

EBRD-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 4.5%-ით შემცირდება, ხოლო მომავალი წლიდან 3%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას და კავკასიას, მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, საქართველოს, მათი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდება 2020 წელს და 2.5%-ით გაიზრდება 2021 წლიდან.

ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდება, განსაკუთრებულ დარტყმას მიიღებს ყირგიზეთი და მონღოლეთი, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა 2021 წლიდან 3.2%-ით გაიზრდება.

თურქეთის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდება 2020 წელს, ხოლო ქვეყნის მშპ 5%-ით გაიზრდება 2021 წელს.

სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა 1.3%-ით შემცირდება მიმდინარე წელს და მომავალი წლიდან 4.4%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება ეგვიპტეს, EBRD აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს რეცესიას გადაურჩა და მისი ეკონომიკა 2021 წლიდან 2%-ით გაიზრდება.