მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონი: 2021 წელს ვინ დაუბრუნდება პანდემიამდელ დონეს?

6012ffb9c04d5
ეგნატე შამუგია
29.01.21 19:55
1391
გასული წლის "დიდი ჩაკეტვა" და მისი ეკონომიკური შედეგები ყველა ქვეყნისთვის უარყოფითი გავლენის მატარებელი აღმოჩნდა, თუმცა მათი ეკონომიკების სტრუქტურიდან გამომდინარე შედეგები განსხვავებულია. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა იმ ეკონომიკებმა მიიღეს, რომელთა სტრუქტურაში ტურიზმს მნიშვნელოვანი როლი გააჩნია და მომსახურების სფერო დომინანტია. ასეთი კი, საქართველოს და რეგიონის რამდენიმე ქვეყანაა, რომელთა ეკონომიკურ პარამეტრებზე პანდემიის შედეგები მკაფიოდ აისახა და პანდემიამდე არსებულ ნიშნულებზე დაბრუნება უახლოეს მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან "დიდი ჩაკეტვა", შემცირებული მასშტაბით, მაგრამ ისევ გრძელდება. ამ ფონზე არსებული პროგნოზებით, მიმდინარე წლისთვის, რეგიონის ეკონომიკებიდან უმეტესობა პანდემიამდე არსებულ დონეს ვერ დაუბრუნდება. ზოგიერთისთვის კი, ძველ ნიშნულზე დაბრუნება მომდევნო წელსაც მიუღწეველი ჩანს. ევროპისა და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლის არ მქონე) ქვეყნებიდან ასეთი მონტენეგროა, რომელის ეკონომიკა გასულ წელს 14.9%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წელს 6.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. მომდევნო წლისთვის კი, ზრდის პროგნოზი 3.9%-ს არ აღემატება, რაც საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ პარამეტრებს დაუბრუნდეს.
 
ფიგურა 1: ეკონომიკის პანდემიამდე არსებული დონზე აღდგენის ტემპი
წყარო: მსოფლიო ბანკი; ავტორის გამოთვლები

ამ მხრივ, მომდევნო წლისთვის პანდემიამდე არსებული დონეს არამხოლოდ მონტენეგრო, არამედ კოსოვო*, სომხეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი და მოლდოვაც ვერ დაუბრუნდება. მათ რიგებში საქართველო არ არის, რადგან 2022 წლისთვის ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე არსებულზე 3.6%-ით მეტია პროგნოზირებული. კერძოდ, მიმდინარე წლისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის 4%-იანი, ხოლო გაისად 6.0%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ პროგნოზი ეფუძნება იმ პირობებს, როცა ეკონომიკურ აქტივობაზე შეზღუდვები იანვრის შუა პერიოდში მოიხსნებოდა. ეს პროცესი არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის რიგ ქვეყნებში გახანგრძლივდა, რამაც ნავთობპროდუქტების მოთხოვნის პროგნოზებიც შეამცირა. ამდენად, მსოფლიო ბანკის მიერ გლობალური ეკონომიკური პერსპექტივის გამოქვეყნების შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა, რაც არსებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს გადაჭარბებულს ხდის. სწორედ ნავთობის ბაზარზე არსებული მოლოდინებიდან გამომდინარე მიმდინარე წელს აზერბაიჯანის ეკონომიკის მხოლოდ 1.9%-იანი ზრდაა ნავარაუდები, რაც 2022 წლისთვის 4.5%-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის რეგიონში ამ ქვეყნის ეკონომიკა ყველაზე ნაკლებად შემცირდა, მომავალში აღდგენის ტემპი საქართველოზე უფრო დაბალი იქნება. საერთო ჯამში რეგიონის უმეტესი ეკონომიკების აღდგენის ტემპი ბევრად დაბალია, ვიდრე მთლიანად განვითარებადი ეკონომიკების.
*კოსოვოს დამოუკიდებლობა საქართველოს მიერ აღიარებული არ არის.

<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>