მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ - სინამდვილეში რა ფასნამატით იყიდება მედიკამენტები

614c847fe0cdf
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.21 20:00
3616
მედიკამენტების ღირებულება საქართველოში ყოველთვის აქტუალურ სოციალურ საკითხს წარმოადგენდა, თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავე გახდა, რადგან ლარის გაუფასურების და რეკორდული ინფლაციის ფონზე, სხვადასხვა დასახელების ფარმაცევტული ჯგუფების ღირებულებაც საგრძნობლად გაიზარდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ მიუღებელია, როდესაც “ზოგიერთი მედიკამენტი 300%-400%-ის ფასნამატით იყიდება." თუმცა, ამ განცხადების მიუხედავად, ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელის ფინანსური მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მედიკამენტებს ჯამურად 300%-400%-ის ფასნამატით არ ყიდიან და მთლიანად რეალიზებული საქონლის ფასნამატი (მარაგების შესყიდვის საფასურსა და რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა) საშუალოდ 26%-34%-ია.

ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, თუ რა მოგების მარჟა ჰქონდათ 2019 წელს “ავერსს,” “პსპ”-სა და “ჯიპისი/ფარმადეპოს” ქსელებს. დოკუმენტების თანახმად ამ კომპანიებისთვის მოგების მარჟა 1%-დან 10%-მდე მერყეობს. უფრო დეტალურად, კომპანიების მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

● ავერსი - წმინდა მოგების მარჟა 2019 წელს 1%;
● პსპ - წმინდა მოგების მარჟა 2019 წელს 5%;
● ჯიპისი/ფარმადეპო - წმინდა მოგების მარჟა 2019 წელს 8.3%;
● იმპექსფარმი - წმინდა მოგების მარჟა 2019 წელს 10%.

ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ 2019 წელს შემოსავლის სახით მიღებული 1 ლარიდან 1 თეთრის წმინდა მოგება მიიღო “ავერსმა”, პსპ-მ მიღებული ყოველი ლარიდან 5 თეთრის წმინდა მოგება, ხოლო “ჯიპისი/ფარმადეპომ” კი 8 თეთრის წმინდა მოგება.

ზოგადად, 1%-დან 10%-მდე ფარგლებში წმინდა მოგების მარჟა არ ითვლება განსაკუთრებულად მაღალ მოგების მაჩვენებლად.

ფარმაცევტული კომპანიების ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ მათი მთავარი დანახარჯები მედიკამენტების მარაგების შესყიდვაა. შემოსავლებთან მიმართებით, მარაგების შესყიდვის ღირებულება სააფთიაქო ქსელებისთვის 74%-79%-ია. კომპანიების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ასეთია:

● ავერსი - ყოველი მიღებული 1 ლარიდან 78 თეთრი მედიკამენტების და სხვა პროდუქტების მარაგების შესყიდვაზე დაიხარჯა; ანუ ყოველი 78 თეთრის შესყიდული პროდუქცია გაიყიდა 1 ლარად, ფასნამატი 28%;
● პსპ - ყოველი მიღებული 1 ლარიდან 76 თეთრი მედიკამენტების და სხვა პროდუქტების მარაგების შესყიდვაზე დაიხარჯა; ანუ ყოველი 76 თეთრის შესყიდული პროდუქცია გაიყიდა 1 ლარად, ფასნამატი 31%; 
● ჯიპისი/ფარმადეპო - ყოველი მიღებული 1 ლარიდან 74.5 თეთრი მედიკამენტების და სხვა პროდუქტების მარაგების შესყიდვაზე დაიხარჯა; ანუ ყოველი 74.5 თეთრის შესყიდული პროდუქცია გაიყიდა 1 ლარად, ფასნამატი 34%;  
● იმპექსფარმი - ყოველი მიღებული 1 ლარიდან 79 თეთრი მედიკამენტების და სხვა პროდუქტების მარაგების შესყიდვაზე დაიხარჯა; ანუ ყოველი 79 თეთრის შესყიდული პროდუქცია გაიყიდა 1 ლარად, ფასნამატი 26%; 

შესაბამისად, თუკი შემოსავლებთან მიმართებით მარაგების შესყიდვაზე 74%-79% იხარჯება, მაშინ ყველა დანარჩენი ხარჯისთვის, მათ შორის ხელფასების გასტუმრებისთვის, აფთიაქების იჯარისთვის, ფინანსური ხარჯებისთვის, ასევე მარკეტინგისთვის და წმინდა მოგებისთვის 21%-26% რჩებათ.

იქიდან გამომდინარე, რომ ფარმაცევტული კომპანიებისთვის ძირითად ხარჯს წარმოადგენს მედიკამენტების შესყიდვა, საერთაშორისო ბაზარზე წამლების ფასების ცვლილება და გაცვლითი კურსის მერყეობა წამლების სარეალიზაციო ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. რამდენიმე სააფთიაქო ქსელი მათი მესაკუთრეების გავლით დაკავშირებულია ადგილობრივ ფარმაცევტულ მწარმოებლებთან, რომლებიც ექსპორტთან ერთად, ადგილობრივ სააფთიაქო ქსელებს ამარაგებენ მედიკამენტებით.

სააფთიაქო ქსელები არ ასაჯაროებენ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ როგორ ნაწილდება მათი გაყიდვები და თვითღირებულება მედიკამენტების ჯგუფების მიხედვით. არაა გამორიცხული კონკრეტული სააფთიაქო ჯგუფების მიხედვით, სარეალიზაციო ფასნამატი მედიკამენტების შესყიდვის თვითღირებულებას რამდენჯერმე აღემატებოდეს, თუმცა სხვა მედიკამენტებისთვის კი ფასნამატი უფრო მცირე იყოს და მაგალითად 20%-ზე ნაკლებს შეადგენდეს.

მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით, კონკურენციის სააგენტო სააფთიაქო ბაზარს სწავლობს. უკვე მომზადებულია სექტორის პირველადი ანალიზიც, რომელიც ჯერჯერობით საჯარო არაა. პარალელურად, მთავრობა ფარმაცევტულ ბიზნესს ახალ რეგულაციებს უანონსებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალი წესები უნდა იყოს ისეთივე, “როგორიც ევროპაშია”, მაგრამ ახალი რეგულაციის მოდელი ამ დრომდე არაა მოსახლოებისთვის ცნობილი.

„არჩევნების შემდეგ გვექნება სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესთან, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, აქტიური კომუნიკაცია ცივილურ ფორმებში და აუცილებლად მგონია რომ კომპრომისს მივაღწევთ. სწორად ისე, როგორც არის ევროპაში. ჩვენ ახალს არაფერს გამოვიგონებთ. როგორც ევროპაში არის რეგულაციები, გამჭვირვალეა პროცესი, გამიჯნული არის მიმართულებები და არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტები, ასე უნდა მოეწყოს საქართველოშიც ყველაფერი. არ შეიძლება, მწარმოებელიც, გამყიდველიც და დისტრიბუტრიც იყოს ადამიანი და ამ დროს ფასების უკონტროლო ზრდა გვქონდეს ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახლა კი უფრო დეტალურად სააფთიაქო ქსელების ფინანსური შედეგები ასეთია:

● ავერსი - შემოსავალი 2019 წელს 335,501,932 ლარი; წმინდა მოგება 3,170,283 ლარი;
● პსპ - შემოსავალი 2019 წელს 499,561,000 ლარი; წმინდა მოგება 26,285,000 ლარი;
● ჯიპისი/ფარმადეპო - შემოსავალი 2019 წელს 614,675,000 ლარი; წმინდა მოგება 51,005,000 ლარი;
● იმპექსფარმი - შემოსავალი 2019 წელს 81,036,545 ლარი; წმინდა მოგება 8,147,117 ლარი.

ფინანსური მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ სექტორის ყველაზე მომგებიანი კომპანია უმსხვილესი სააფთიაქო ქსელი, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” შემადგენლობაში შემავალი “ჯიპისი/ფარმადეპოა”, რომლის შემოსავლებიც 2019 წელს 615 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 51 მილიონი იყო. კომპანიის მოგების მარჟამ ამ წელს 8.3% შეადგინა. ფინანსური მონაცემები აჩვენებს, რომ ასეთ შედეგზე გასვლაში კომპანიას მასშტაბის ეკონომია და სარეალიზაციო პროდუქციის დივერსიფიცირება ეხმარება. ბოლო რამდენიმე წელია ყველა სააფთიაქო ქსელი არაფარმაცევტული პროდუქციის არეალს ზრდის, რადგან თავის მოვლის, ბავშვთა კვების თუ სუნამოების მედიკამენტებთან შედარებით, საშუალოდ უფრო მაღალი ფასნამატით რეალიზაცია შეუძლიათ.