მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისი გაკეთება იგეგმება მტირალას ეროვნულ პარკში? - "პროექტისთვის 7 მლნ ლარია გათვალისწინებული"

62fc80be5ab47
BM.GE
17.08.22 10:20
1050
მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული კოტეჯების, აჭარული ღვინის სახლისა და კაფეტერიის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება. მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, პარკში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„წელს, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 80%-ით მეტია ვიზიტორების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; ვფიქრობთ, წლის ბოლომდე, ეს რაოდენობა გაორმაგდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რაც მნიშვნელოვანია ვიზიტორთა მოსაზიდად. პანდემიის პერიოდშიც კი, დაცული ტერიტორიების სააგენტო შეუფერხებლად ასრულებდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. შარშან დავიწყეთ 1000 კილომეტრი სიგრძის ბილიკების ქსელის მოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მტირალას ეროვნულ პარკში ასევე ხორციელდება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - მტირალას ეროვნული პარკი უკავშირდება კინტრიშის დაცულ ტერიტორიას. ამ პროექტისთვის, დაახლოებით, 7 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. დაცულ ტერიტორიებზე მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ეკოტურისტული სერვისების განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

2023 წელს დასრულდება მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მოწყობის სამუშაოები თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით: თავშესაფრებით, ფანჩატურებით, საცეცხლურებით, ხიდებით, გადასახედებით და სხვა. მტირალას ეროვნული პარკის უნიკალური ბუნება არაერთხელაა საერთაშორისოდ აღიარებული. მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი მაგალითია დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებით მიღებული სარგებლის; ერვნული პარკის დაარსების შემდეგ, მიმდებარედ განვითარდა მეფუტკრეობა, მოეწყო მცირე ზომის ტურისტული ობიექტები, სასტუმროების ინფრასტრუქტურა, შეიქმნა სამუშაო ადგილები.

აღსანიშნავია, რომ მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა ვიზიტორთა სიმრავლით. ეროვნულმა პარკმა, 2022 წლის 7 თვის განმავლობაში უკვე უმასპინძლა 41 681 ვიზიტორს.