მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან ელოდებიან იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას

5ee908c65555f
თამთა ჯიჯავაძე
16.06.20 22:43
1591
დაახლოებით 20 ადამიანი ელოდება, რომ ბინა იყიდოს, და ამისთვის სესხი აიღოს. ეს დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში კარგი მაჩვენებელია, – ამის შესახებ „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებულმა იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამამ ბაზარზე დადებითი აჟიოტაჟი გამოიწვია.

„დღეს არის მოლოდინის რეჟიმი, ამან დადებითი აჟიოტაჟი გამოიწვია, რაც იმას ნიშნავს რომ უკვე სახეზეა ის ეფექტი, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. უბრალოდ ამას სჭირდება დროულად ამოქმედება, რადგან ის მომხმარებელი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ბინის ყიდვა და იპოთეკური სესხის აღება, დღეს, რა თქმა უნდა, ელოდება რომ უკეთეს პირობებში აიღოს სესხი“, – აღნიშნა ბესო ორთოიძემ.

მისივე განცხადებით, სექტორი დაახლოებით ათი დღის ვადაში ელოდება პროგრამის ამოქმედებას, – „ახლა მიმდინარეობს ბანკებს და მთავრობას შორის დეტალების შეთანხმება, სავარაუდოდ ეროვნული ბანკიც ჩართული იქნება ამ პროცესში“.

რაც შეეხება უძრავ ქონებაზე ფასების შესაძლო ცვლილებას, „არსის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მცირედი ცვლილება მოსალოდნელია.

„შეიძლება მცირე კორექტირებები მოხდეს, გარკვეულ აქციებს მიმართავენ კომპანიები და ეს შეიძლება იყოს 5–10% ის ფარგლებში, წლის განმავლობაში. [ფასების] ზრდა ალოგიკური იქნება, ამ ფონზე, როდესაც მოთხოვნა შემცირებულია. და მომავალი წლიდან თუ სხვა შემაფერხებელი ფაქტორები აღარ იქნება საქართველოსა და მსოფლიოში, ალბათ დაუბრუნდება ისევ მზარდ ტენდენციას“, – განაცხადა ბესო ორთოიძემ.