დეველოპერულ კომპანია „არსიში“ უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების შემცირებას გამორიცხავენ. კომპანიის გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ მცირედი კლება იჯარაზე შემცირებული მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლოა მხოლოდ მეორად ბინებზე დაფიქსირდეს.
„მიმდინარე წლის ზაფხულში გასულ წელთან შედარებით მოთხოვნის ნაწილში მცირედი კლება იყო, თუმცა გასული წელი არ არის შესადარებლად სწორი მაგალითი. ყველა მაჩვენებლით ის ბუნებრივ პირობებს გაცდა. თუ შევხედავთ პანდემიამდელ პერიოდს, ამ პერიოდთან მიმართებით საკმაოდ კარგი ზრდაა. სტაბილურობის მხრივ წლევანდელი წელი გასულ წელსაც ჯობია. ფასები კი გაიზარდა 2022-ში, მაგრამ თვითღირებულებაც საკმაოდ მაღალი იყო. მიმდინარე პერიოდში დავუბრუნდით იმ მაჩვენებლებს რაც იყო 2022-მდე, წლიურად 10%-ის ფარგლებში.
გასაყიდ ფასის შემცირებას არ ველოდები, შეიძლება მეორად ბაზარზე მცირედი კლება იყოს, იჯარის ფასიდან გამომდინარე, თუმცა პირველად ბაზარზე ფასების კლება თითქმის გამორიცხულია. მე ვფიქრობ მცირედი ზრდა გვექნება მიმდინარე წელსაც და ეს გაგრძელდება.
გაცემულ ნებართვებს რომ ვუყურებ მაფიქრებს მიწოდების საკითხი, თუმცა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, რომ მიწოდებამ გადააჭარბოს მოთხოვნას. ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებლებზეა, გასულ წელს გაყიდული ბინების 97% ქართველ მომხმარებლებზე მოდიოდა. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მოცემულობას და ადგილობრივზე ვაკეთებთ აქცენტს,“ - აცხადებს ორთოიძე.