მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გადაიქცევა თურქეთი კასპიური გაზის ჰაბად?

639b395f572e4
ზურაბ გარაყანიძე, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
15.12.22 19:09
3360
როდის ახდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ოცნება და თურქეთი ევროკავშირის გაზის არა მხოლოდ სატრანზიტო მარშრუტი, არამედ ე.წ. ჰაბიც გახდება?! როგორც ჩანს, არც ისე მალე.

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება „ტრანსადრიატიკული გაზსადენით“ - TAP-ით ევროპაში უკვე 18 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება.

2020 წლის 31 დეკემბრიდან “ტრანსადრიატიკული გაზსადენით” (TAP) თურქეთზე გამავალი „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ (TANAP) გავლით ევროპაში ექსპორტირებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობამ დღემდე 18 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა, - ნათქვამია მილსადენ კომპანია TAP AG-ის ანგარიშში. ეს ზრდა საქართველოსთვისაც მოგებიანია, ვინაიდან 2026 წლამდე, ე.წ. „საუკუნის კონტრაქტით“ საქართველო „სამხრეთკავკასიურ გაზსადენში“ (რომელიც ერზერუმში TANAP-ს უკავშირდება) გატარებული გაზის 5%-ს უფასოდ, ხოლო 5%-ს - შეღავათიან ფასად, ტრანზიტის საფასურად იღებს.

„კომერციული ოპერირების დაწყებიდან, TAP-მა უსაფრთხოდ გადაიტანა 18 მილიარდი კუბური მეტრი კუბური მეტრი გაზი საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში“, - წერს კომპანია ტვიტერში. „TAP-ის სიმძლავრე შეიძლება გაორმაგდეს ეტაპობრივად, რათა შემდგომი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - დასძენს TAP AG.

2020 წლის 8 იანვარს აზერბაიჯანმა პირველად დაიწყო „სამხრეთის გაზის დერეფნით“ ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება - იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში TAP-ის გაზსადენის საშუალებით, რომლის მოცულობამ 2021 წელს 8.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 2022 წელს ექსპორტის მოცულობა პროგნოზირებულია 22-23 მლრდ კუბური მეტრი, მათ შორის 11,5 მლრდ კუბური მეტრი ევროპაში, დანარჩენი - თურქეთში. საინტერესოა, როგორ ახერხებს აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტის ასეთ მკვეთრ ზრდას, როდესაც პერსპექტიული გაზის საბადოები - აბშერონი, ბაბეკი, უმიდი, ყარაბაღი, ჯერ კიდევ ათვისების საწყის სტადიაზეა, ხოლო „დერეფნის“ მთავარი წყაროები - „შაჰ-დენიზი 1“ და „შაჰ-დენიზი 2“ სრული დატვირთვით მუშაობენ?!

აზერბაიჯანში რუსული გაზის მიწოდების აღდგენა

2022 წლის 18 ნოემბერს რუსულმა „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანს 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მიაწვდის 2022 წლის დეკემბრიდნ 2023 წლის მარტამდე, ამ რუსული მონოპოლიის, სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR-თან გაფორმებული ახალი კონტრაქტით.

როგორც ცნობილია, სწორედ „გაზპრომი“ იყო აზერბაიჯანისთვის გაზის მიმწოდებელი 2000-2006 წლებში, მაგრამ შემდეგ ქვეყანამ სწრაფად გააფართოვა საკუთარი გაზის წარმოება BP-ის მიერ ოპერირებად „შაჰ-დენიზის“ საბადოზე, რაც მას საშუალებას აძლევდა, დაეფარა არა მხოლოდ საკუთარი გაზის საჭიროებები, არამედ საქართველოსა და თურქეთში განეხორციელებინა ექსპორტი; როდესაც მისი გაზის დიდი ნაწილი უკვე უცხოელმა კომპანიებმა შეისყიდეს, აზერბაიჯანი კვლავ დაუბრუნდა რუსეთიდან გაზის მიღებას 2017-2018 წლებში, მაგრამ შესყიდვები კვლავ შეწყვიტა მას შემდეგ, რაც „შაჰ-დენიზის“ განვითარების მეორე ეტაპის გაზი 2019 წელს თურქეთში გაიგზავნა.

აზერბაიჯანი დიდი ხანია პრიორიტეტს ანიჭებს თავისი გაზის საზღვარგარეთ გაყიდვას, ვიდრე შიდა საჭიროებებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საექსპორტო შემოსავლები. „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმება გაფორმდა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი ემზადება ზამთრის შუა პერიოდში პიკისთვის, თუმცა რუსული გაზის იმპორტის განახლება ახლა დამატებით კითხვებს აჩენს, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანმა ახლახანს აიღო ვალდებულება მეტი გაზის გადატუმბვაზე ევროპაში.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-სთვის გაკეთებულ განცხადებაში, SOCAR-მა აღნიშნა, რომ მას აქვს „გაზპრომთან“ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია და რომ ორი კომპანია „... ცდილობს თავიანთი ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, გაზის ნაკადების ურთიერთგაცვლის ორგანიზებით“.

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 2020 წლიდან ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გავლით ხორციელდება, რათა ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მივიდეს ევროპელ მომხმარებლებთან. ბაქოსა და ბრიუსელს შორის 2022 წლის ივლისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, აზერბაიჯანულმა მხარემ პირობა დადო, რომ 2022 წელს ექსპორტს 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.

როგორც ბრიუსელმა, ასევე ბაქომ მოიწონა ეს ახალი შეთანხმება, როგორც ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული ურთიერთობების გაფართოება. ევროკომისიამ შეთანხმებას უწოდა გამარჯვება ევროკავშირის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის მცდელობებში, მაგრამ არასოდეს არ დაკონკრეტებულა, თუ რა იქნება დამატებითი მიწოდების წყარო!

Eurasianet-ის ცნობით, „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც პასუხისმგებელია აზერბაიჯანული გაზის ექსპორტზე, დამატებითი საექსპორტო გარიგებები საბადოდან გაზის გაყიდვის შესახებ, უკვე შეთანხმებული, წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი აირის ზევით, არ არის შეთანხმებული საოპერაციო კონსორციუმთან. ეს აჩენს ლეგიტიმურ კითხვას: გაიყიდება თუ არა რუსული გაზი ევროკავშირ-აზერბაიჯანის 2022 წლის ივლისის მემორანდუმის შესასრულებლად?!

აზერბაიჯანისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლება შეიძლება უბრალოდ იმაზე მიუთითებდეს, რომ ბაქო საკმაოდ შეშფოთებულია თავისი შიდა მოთხოვნილების შემცირებით და მართლაც, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის შეთანხმება მხოლოდ მემორანდუმია და, შესაბამისად, არასავალდებულო, მაგრამ დრო ბადებს ეჭვს და ვარაუდს, რომ რაც უფრო გაგრძელდება უკრაინაში ომი, მით მეტად შეეძლება აზერბაიჯანს გამოიყენოს იაფი რუსული გაზი თავისი შიდა მოთხოვნილების დასაფარად, რათა მეტი კასპიური გაზი გამოათავისუფლოს ევროპაში ექსპორტის გასაზრდელად.

აზერბაიჯანს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია შეისყიდოს იმდენი რუსული გაზი, რამდენიც უნდა, მაგრამ გამოდის, რომ ის იყენებს რუსულ გაზს ევროპაში კასპიური აირის მეტი მოცულობების გასაგზავნად (ფაქტობრივად, ეს უკვე „სვოპ“ მიწოდებაა). ამდენად, ეს უკვე გარკვეულწილად ძირს უთხრის ბაქო-ბრიუსელის შეთანხმების სულისკვეთებას. ეს ასევე იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად უჭირს ევროპას რუსული გაზის ალტერნატივის უზრუნველყოფა უახლოეს პერსპექტივაში, და რამდენად შეეცდება მოსკოვი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაზსადენების თავისი მიზნებისათვის გამოყენებას.

შორსმიმავალი გეგმები

2022 წლის ივლისის მემორანდუმის თანახმად, ევროკავშირი 2027 წლისთვის აპირებს გაზარდოს აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა 20 მლრდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. გრძელვადიან პერსპექტივაში, აზერბაიჯანს შეიძლება ჰქონდეს პოტენციალი ამ მიზნის განსახორციელებლად, რუსული გაზის შესყიდვის გარეშეც. ქვეყანას აქვს არაერთი აუთვისებელი საბადო, რომლებიც შეიძლება ამ დროისთვის ამუშავდეს.

აზერბაიჯანის კასპიის აუთვისებელ აღმოჩენებს შორის დადასტურებულია აბშერონის, უმიდის და ყარაბაღის ველები. „შაჰ-დენიზის“ მე-3 ეტაპი, რომელიც მოიცავს გაზის იმ რეზერვებს, რომლებიც ათვისების წინა სტადიაზეა. ასევე, დაზვერილია, მაგრამ არ არის დადასტურებული გაზის უფრო ღრმა ფენები აზერი-ჩირაღი-გიუნეშლის (ACG) ნავთობის პროექტში. ჯერ არდადასტურებულა ბაბეკის საბადოს პერსპექტივაც.

საბადო ყარაბაღმა, რომელსაც ამუშავებს აზერბაიჯანის SOCAR და ნორვეგიის Equinor რისკის მომსახურების შეთანხმებით, შეუძლია მიაღწიოს წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრს, თუმცა ეს დამატებითი საბადო დასამუშავებლად მზად იქნება მხოლოდ 2025-2026 წლებში.

აბშერონს, რომელიც შექმნილია SOCAR-ისა და საფრანგეთის TotalEnergies-ის ერთობლივი საწარმოს მიერ, წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ამოღება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ 2027 წლის შემდეგ. ასევე, არსებული უმიდის საბადო ამჟამად აწარმოებს 1,7 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში და მისი წარმადობა შეიძლება გაიზარდოს 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე. იმავდროულად, ბაბეკს, რომელიც უმიდის საბადოს მიმდებარედ მდებარეობს, აზერბაიჯანის სახელმწიფოს შეფასებით წელიწადში 3-4 მილიარდი კუბური მეტრის მოპოვება შეუძლია, მაგრამ ასევე, მის ათვისებას რამდენიმე წელი სჭირდება.

„შაჰ-დენიზი 3“-ის (Shah Deniz Stage 3) და აზერი-ჩირაღი-გიუნეშლის (ACG Deep Gas) ახალი ჭაბურღილების ბურღვა უნდა დაიწყოს წელს და მათი ათვისების შედეგები ხელს შეუწყობს რესურსების მოცულობის და წარმოების პოტენციალის განსაზღვრას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, აზერბაიჯანს აქვს პოტენციალი, მიაწოდოს ევროპას მისთვის სასურველი რაოდენობის გაზი, თუმცა ყველა ამ პროექტში, განვითარებისთვის საჭირო იქნება უცხოური ინვესტიციები, ტექნოლოგია და ნოუ-ჰაუ. ეს განსაკუთრებით ეხება უმიდსა და ბაბეკს, რომლებიც გეოლოგიურად რთული ველებია, და რომლებშიც ამჟამად არ მონაწილეობენ დასავლეთის კომპანიები.

ინვესტიციების უზრუნველყოფა ასევე შეიძლება უფრო რთული იყოს, რადგან ბევრმა დასავლურმა კომპანიამ გამოაცხადა გეგმები, შეამციროს კაპიტალური ხარჯები ნავთობსა და გაზზე მომავალი წლების განმავლობაში განახლებადი ენერგიის და სხვა დაბალ ნახშირბადიანი ტექნოლოგიების სასარგებლოდ. ეს ეხება BP-ს, აზერბაიჯანის ნავთობის სექტორში ყველაზე დიდ ინვესტორს, რომლის დღევანდელი სტრატეგია მოითხოვს ნავთობისა და გაზის მოპოვების 40%-ით შემცირებას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

დასავლელმა ფინანსისტებმა, ანალოგიურად, აიღეს ვალდებულებები, რომ ეტაპობრივად გააუქმონ წიაღისეული საწვავის ინვესტიციები. მათ შორისაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელმაც თავის დროზე გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) პროექტში, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანულ გაზს ევროპულ ბაზართან.
მეორე მხრივ, SGC-მ მიაღწია წარმატებას იმ დროს, როდესაც ევროპაში გაზის ფასი ზოგადად დაბალი იყო. ევროკავშირისა და აზერბაიჯანული გაზის მიმღები სახელმწიფოების პოლიტიკური მხარდაჭერის წყალობით, შეთანხმებული იქნა გრძელვადიანი კონტრაქტები, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის გაზის ფასები ყოველთვის კონკურენციას ვერ უწევდა რუსული ან თხევადი გაზის (LNG) ევროპის ტერმინალებზე არსებულ ფასებს.

ახლა სიტუაცია ძალიან განსხვავებულია. ადგილზე, ევროპაში ფასები უკიდურესად მაღალია და რუსული მიწოდება ახლა არასანდოა და უახლოეს წლებში, ევროკავშირის გეგმების მიხედვით, სულ შეიზღუდება. ეს აძლევს დამატებით შანსს აზერბაიჯანულ გაზს, რომელიც ფასდება გრძელვადიანი კონტრაქტებით, და ის შესაბამისად, იძენს კონკურენტულ უპირატესობას. მაშინაც კი, თუ ბრიუსელის მხრიდან ნაკლები პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება წიაღისეული საწვავის ახალი პროექტებისთვის, შესაძლოა, ევროპის ბაზრის კონიუნქტურამ, განაპირობოს იქ გაზის მიწოდების გაზრდა.

რუსეთი განიხილავს გეგმას, რომ თურქეთი გაზის მიწოდების მთავარ ცენტრად აქციოს. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გააქტიურების პარალელურად, რუსეთი ცდილობს გააფართოვოს „თურქული ნაკადის“ გაზსადენი იმ სიმძლავრემდე, რაც თავდაპირველად იყო გათვალისწინებული პროექტის შექმნისას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა თურქეთს შექმნას ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების კერა - ჰაბი, იმის საპასუხოდ, რამაც გამოიწვია Nord Stream 1 და 2 მილსადენების განადგურება. წინადადება, როგორც მოსალოდნელი იყო, ანკარამ თბილად მიიღო, მაგრამ ასეთი პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, რთული იქნება. თურქეთს შესაძლოა, დასავლეთის მხრიდან წინააღმდეგობა შეექმნას, რადგან რუსეთმა დაფინანსების უმეტესი ნაწილი უნდა დაფაროს. პროექტი ასევე გულისხმობს, რომ ევროპის ზოგიერთი ნაწილი გააგრძელებს რუსული გაზის შესყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ამბიციაა, შეწყვიტოს იმპორტი და გაზარდოს წვდომა LNG-ზე და მიწოდების სხვა ალტერნატიულ წყაროებზე.

პუტინმა ეს წინადადება თავის თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან განიხილა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში რეგიონული ლიდერების სამიტის ფარგლებში.


„თუკი თურქეთი და ჩვენი შესაძლო მყიდველები სხვა ქვეყნებში დაინტერესებულნი არიან, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სხვა გაზსადენის სისტემის მშენებლობა და თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა მესამე ქვეყნებში აირის გასაყიდად, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ევროპულ ქვეყნებში, თუ ისინი ასე არიან დაინტერესებული ამით, რა თქმა უნდა“, - განაცხადა პუტინმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთმაც და რუსეთმაც დაავალეს თავიანთ ენერგეტიკულ უწყებებს დაუყოვნებლივ დაეწყოთ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორის ალექსეი მილერის თქმით, პროექტი შესაძლოა, ითვალისწინებდეს ახალი მილსადენების მშენებლობას არსებული თურქული ნაკადის მილსადენის პარალელურად.

„ბატონ პუტინთან ერთად, ჩვენ დავავალეთ ჩვენს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და რუსეთის მხარის შესაბამის ინსტიტუტს, ერთად იმუშაონ“, - განაცხადა ერდოღანმა. „...ისინი ჩაატარებენ კვლევას. სადაც უნდა იყოს ყველაზე შესაფერისი ადგილი, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იქ დავაარსებთ ამ სადისტრიბუციო ცენტრს.”

რუსეთს ევროპაში გაზის გაგზავნის ოთხი მარშრუტი აქვს. პირველი არის უკრაინული გაზის სისტემა, სადაც გაზი გრძელდება ომის მიუხედავად. მას ომამდე ჰქონდა 100 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტის შესაძლებლობა, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ დახურა თავისი ორი სასაზღვრო პუნქტიდან ერთ-ერთი, რუსეთის მარიონეტების მიერ მიწოდების მოპარვის მტკიცებით. უკრაინა და რუსეთი ასევე კამათობენ გაზის ტრანზიტის გადასახადებთან დაკავშირებით, რაც ზრდის მიწოდების საერთოდ შეწყვეტის რისკს.

იმავდროულად, „იამალ-ევროპა“ - წელიწადში 33 მილიარდი კუბური მეტრი წარმადობის მილსადენი, რომელიც ბელორუსიისა და პოლონეთის გავლით გერმანიამდე მიდიოდა, ომის დაწყების შემდეგ უმოქმედოდაა, რუსეთისა და პოლონეთის მიერ ერთმანეთზე დაწესებული სანქციებისა და კონტრსანქციების გამო.

შედარებით ახალი მარშრუტია ბალტიის ფსკერზე გაყვანილი Nord Stream 1 და 2 მილსადენები, რომელთა სიმძლავრეა წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი. გაზპრომმა აღიარა, რომ Nord Stream-ის დანადგარების და მილების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უნდა შეიცვალოს სექტემბერში მომხდარი აფეთქების გამო. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა 12 ოქტომბერს შეაფასა, რომ რემონტის დასრულებას წელიწადზე მეტი დასჭირდებოდა. Nord Stream 2-ის ორი მილიდან ერთ-ერთი დაუზიანებელია და რუსეთი ვარაუდობს, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას გაზის მიწოდებისთვის, თუ საჭირო სერტიფიცირების პროცესი დასრულდება გერმანიაში. გერმანია შეიძლება დათანხმდეს ამას, იმის მიხედვით, თუ რა სტრესს განიცდის მისი ენერგეტიკული სისტემა ამ ზამთარში. რამდენიმე გამოჩენილმა გერმანელმა პოლიტიკოსმა მოუწოდა ბერლინს ამის გაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მთავრობას ეს ვარიანტი განსახილველად არ დაუყენებია.

კიდვ ერთი ახალი მარშრუტია წელიწადში მხოლოდ 31,5 მლრდ მკუბმეტრი წარმადობის „თურქული ნაკადი“ (Turk¬Stream), რომელიც გადის შავი ზღვის ფსკერზე და ამოდის დასავლეთ თურქეთში. მისი ორი მილიდან ერთი გამოიყენება თურქეთის ბაზარზე გაზის მიწოდებისთვის, რის გამოც ევროპისთვის წელიწადში მხოლოდ 15,75 მილიარდი კუბური მეტრი გაზი რჩება ხელმისაწვდომი.

ამდენად, თურქეთი უკვე ნაწილორივ ასრულებს ევროპისკენ გაზის მიწოდების ჰაბის ფუნქციას. „თურქული ნაკადის“ გარდა, ის ასევე ატარებს ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) მილსადენების ნაწილს, რომლებიც გაზს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში აზერბაიჯანიდან აწვდის. მას ასევე აქვს LNG იმპორტის (რეგაზაციის) რამდენიმე ტერმინალი.

თურქეთს არ აქვს დამატებითი რუსული გაზის საჭიროება. ქვეყანა ელოდება 2023 წლის დასაწყისში შავ ზღვაში საკუთარი ოფშორული „საკარიას“ გაზის საბადოს გაშვებას, რომელიც აწარმოებს წელიწადში 3,7 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს განვითარების პირველი ეტაპის ფარგლებში, ხოლო 2026 წლისთვის წელიწადში მიაღწევს, დაახლოებით, 15 მილიარდ კუბურ მეტრს. თურქეთმა მხოლოდ იმ მიზნით შეიძლება აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან, რომ მის ნაცვლად, „გაზპრომისგან“ შეძენილი გაზის ნაწილი ევროპაში თვითონ გაიტანოს.

რუსეთისგან რამდენი დამატებითი გაზის მიღებით იქნება ევროპა დაინტერესებული, ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და აქვს უფრო მჭიდრო პოლიტიკური კავშირები მოსკოვთან, სავარაუდოდ, დააყენებს რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის შორეულ ვადას ან დააყენებს ამ იმპორტის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების საკითხს. ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნები, როგორიცაა სერბეთი, გააგრძელებენ გაზის მიღებას რუსეთისგან, და გაფართოებული სატრანზიტო შესაძლებლობები თურქეთის გავლით, „გაზპრომს“ საშუალებას მისცემს შეწყვიტოს უკრაინაზე ტრანზიტი. შესაძლოა, ასევე არსებობდეს რუსული გაზის ახალი ბაზრები, როგორიცაა ალბანეთი, რომელიც ამჟამად თითქმის არ მოიხმარს გაზს, მაგრამ სურს გააფართოოს გაზის მოხმარება, რათა შეამციროს დამოკიდებულება ჰიდროელექტროსადგურებზე.