მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება ფიტნეს ცენტრები? - ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექტორი ბიზნესს შეხვდნენ

602235e8ad38d
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.21 11:20
1235
ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლები, ონლაინ ფორმატში, შრომის ინსპექტორსა და ბიზნესომბუსმენს შეხვდნენ. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ფუნქციონირების აღდგენისთვის საჭირო რეგულაციებზე იმსჯელეს.

თემაზე BM.GE ფიტნეს ცენტრ „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დამფუძნებელს დაუკავშირდა. კითხვაზე - რა ცვლილებები შევა საპორტული დარბაზების პროტოკოლების ნაწილში, გიორგი ასათიანმა განაცხადა, რომ ფიტნეს ცენტრების რეგულირება გასულ ეტაპზეც საკმაოდ მკაცრი იყო, თუმცა დარბაზები ყველა წესს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც შეხვედრის დროსაც აღინიშნა.

მისი თქმით, სპორტული დაწესებულებების გახნის ზუსტ დროზე ჯერ საუბარი არ არის და იმის თქმა, როდის შეძლებს მომხმარებელი სპორტული დარბაზებით საერგებლობას, არ შეუძლია.

„გადაწყვეტილება გახსნასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მიღებული არ არის და როგორც გვეუბნებიან, დამოკიდებულია ინფიცირების გამოვლენის დადებითობის 4%-იანი მაჩვენებლის სტაბილურობაზე. როგორც ვიცით, ეკონომიკის გახსნა ეტაპობრივად, 2 კვირიანი შუალედებით მოხდება და როდის გაიხსნება ფიტნეს ცენტრები, ჯერ არ ვიცით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ რა რეგულაციებით უნდა განაახლონ სპორტულმა კლუბებმა ფუნქციონირება. ძირითადად შენარჩუნდება იგივე რეგულაციები, რაც წინა ეტაპზე იყო, თუმცა რამდენიმე ცვლილება მაინც შევა.

პირველ რიგში, ეს იქნება თანამშრომლების ტესტირების ნაწილი, რაც სხვა ბიზნესების მსგავსად 2 კვირაში ერთხელ უნდა განხორციელდეს. ამ ნაწილში დეტალები ზუსტდება და განიხილება, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფო ტესტირების პროცესის ორგანიზებას და გარკვეული პერიოდი ამისთვის აუცილებელ ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს, თუმცა ზუსტად არ ვიცით, რა პერიოდზე იქნება საუბარი.

მეორე - შეიძლება გადაიხედოს დარბაზში დაშვებული ადამიანების რაოდენობა და განისაზღვროს ერთ სივრცეში ადამიანების კონკრეტული რიცხვი.

მესამე - პირბადის მოხმარების საკითხია, ოღონდ ეს არ გულისხმობს პირბადით ვარჯიშს. მომხმარებელს ფიტნეს კლუბში შემოსვლისას და გადაადგილებისას უნდა ეკეთოს პირბადე, ხოლო ინტენსიური ვარჯიშების დროს იმდენად დიდ დისტანციას ვიცავთ მათ შორის, რომ ვირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს“, - განმარტავს გიორგი ასათიანი.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის და რთულია იმის თქმა, რამდენად იქონიებს გავლენას რეგულაციების გამკაცრება სპორტული ცენტრების დატვირთვაზე.

ამასთან, „ოკტოპუსის“ დამფუძნებელი იმასაც ვერ ამბობს, გაიზრდება თუ არა სპორტულ ცენტრებში ვიზიტის ღირებულება. „საბოლოოდ, დასათვლელია ზარალი რა გვქონდა, რადგან საკმაოდ დიდი პერიოდი მოგვიწია გაჩერება და ამასთან, არ ვიცით რეგულაციების გამკაცრების ნაწილში რამდენად გაიზრდება ხარჯები“, - აღნიშნა გიორგი ასათიანმა.