გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, რთველის სუბსიდირებიდან გამოსვლას დაახლოებით 3-4 წლიანი პერიოდი დასჭირდება.
როგორც მან „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა, სუბსიდირების მიზეზი მსოფლიოში მიმდინარე რთული ეკონომიკური პროცესებია.
„რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო საერთოდ გამოსული იყო სუბსიდირებიდან, მაგრამ როგორც იტყვიან მტერსაც არ სძინავს, 2019 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, საწარმოებმა განიცადეს კიდევ ერთი ზეწოლა გარესამყაროსგან და პრაქტიკულად გამოსული სუბსიდირებიდან კიდევ დავბრუნდით ამ პროცესში. შემდეგ ამას მოჰყვა კოვიდი, ახლა რუსეთის აგრესია, ინფლაციური პროცესები, ეს ყველაფერი ბიზნესის წარმატებაზე გავლენას ახდენს, ბუნებრივია, ყველას დრო სჭირდება ბაზარს მოერგოს.
ჩვენ გვაქვს პარალელური პროექტი, რომელიც ექსპორტს ახალისებს, შევდივართ ისეთ ბაზრებზე, სადაც მილიონობით ბოთლზეა საუბარი. ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე გადასვლისთვის აქტიურად ვმუშაობთ. სუბსიდირებიდან გამოსვლას შეიძლება 3-4 წელი დასჭირდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე მსოფლიო რამდენად სწრაფად დამშვიდდება, რადგან იცით ძირითადი ბაზარი უკრაინა იყო, ახლა სხვა მდგომარეობაა, ნელ-ნელა დალაგდება სამყარო და მოვახერხებთ გამოვლას", - განაცხადა ხანიშვილმა.
ცნობისთვის: გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სახვანჭკარე ყურძენსაც დაასუბსიდირებს. მთავრობის ინფორმაციით, 1 კგ ყურძენზე სახელმწიფო კომპანიებს 4 ლარს გადაუხდის, დარჩენილი თანხის 3 ლარის გადახდა კი წარმოებებს თავად მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 წლებში სუბსიდია 40 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელს 80 მილიონამდე, 2020-ში 104 მილიონ ლარამდე, 2021 წელს კი 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა.