მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს სახელმწიფო მედიკამენტების ფასების რეგულირებას?-პარლამენტი სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

5d9a110c62230
ელენე გოგბერაშვილი
07.10.19 10:10
1184
სახელმწიფო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებას რომ გეგმავს, ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გასული თვის დასაწყისში პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის დროს დაანონსა.

რა მექანიზმით აპირებს მთავრობა ფასების რეგულირებას მინისტრს არ უთქვამს, თუმცა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა პრაქტიკა, როცა სახელმწიფო ახდენს ფასების ნაწილობრივ ან სრულ რეგულირებას.

„ამ კუთხით ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიების დაწყებას, რომელიც გულისხმობს ყველაზე დაბალი რგოლიდან, აფთიაქებიდან და საცალო გაყიდვებიდან რეგისტრაციებს. ასევე ჯი-ემ-პი და ჯი-დი-პი სტანდარტების დანერგვას და ნაწილობრივი რეგულაციების კუთხით სახელმწიფოს აქტიურ ჩართვას წამლების ფასების რეგულირებაში. ყველანაირად ვეცდებით, რომ ნებისმიერი დანახარჯი, იქნება ეს სახელმწიფოს მხრიდან, თუ მოქალაქეების მხრიდან, მეტად ეფექტურად იყოს მოხმარებული”- განაცხადა ტიკარაძემ.

იმის გამო, რომ სამთავრობო სხდომების დროს ჯანდაცვის მინისტრი ერთხელაც არ ჩამოსულა მედია ოთახში და არ მოგვეცა შესაძლებლობა მინისტრისგან მოგვესმინა მეტი განმარტება, როგორ და რა მექანიზმით აპირებენ მედიკამენტების ფასების რეგულირებას, ამ კითხვით ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელს, აკაკი ზოიძეს მივმართეთ.

როგორც აღმოჩნდა, ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტს აქვს აღებული და თემაზე სამსჯელოდ უკვე ორი შეხვედრა გაიმართა სექტორის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. დასკვნით შეხვედრას კი კომიტეტი მომავალ კვირას გამართავს და შესაბამის რეკომენდაციებსაც მოამზადებს.

„საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ჩამონათვალზე, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება ადამიანებს, აქ რომ იყოს სახელმწიფოს სუბსიდირების მექანიზმები. ის, რომ გავასწოროთ არაკეთილსინდისიერი თამაშის წესები; მოტივაცია ექიმებს, სამედიცინო დაწესებულებას, ფარმაცევტებს ჰქონდეთ არა იმის, რომ რაც შეიძლება მეტი უხარისხო წამალი გამოწერონ ან უფრო ძვირიანი, არამედ პირიქით და ა.შ

ყველაზე დიდი პრობლემა ეს გახლავთ და არა ცალკეული წამლის ფასი, რამდენად ძვირია თუ იაფი ევროპულთან შედარებით, თუმცა ეგეც პრობლემაა, მაგრამ არა მთავარი პრობლემა. არ შეიძლება ქვეყანა ხარჯავდეს იმდენს, რამდენსაც ხარჯავს წამლებზე.

წამალიც არ ჰქვია იმას, ამას ქვია ბიოდანამატები, რომელსაც იმიტომ უწერენ, რომ კარგია და მოუხდება. ეს უნდა შევზღუდოთ არა ძალისმიერი ნაჯახისებური ადმინისტრირებით, არამედ მოქნილი საბაზრო მექანიზმებით. ეს არის იდეა სახელმწიფო სუბსიდირების ეფექტიანი გამოყენებით“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

საკომიტეტო განხილვებს ესწრება ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაც. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირინა ჭელიძემ bm.ge-თან განაცხადა, მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე მათ ჯანდაცვის მინისტრი ჯერ არ შეხვედრია. ამბობს, რომ უმჯობესი იყო ცვლილებების მაღალი ტრიბუნიდან დაანონსებამდე შეხევდრა გამართულიყო სექტორთან და მათი პოზიციები მოესმინა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა მხოლოდ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში. გამოკვეთილი არაფერი არ არის.
ყველა ქვეყანას თავისი რეგულაცია აქვს და ყველა ქვეყანა უფრო მოწესრიგებულია. პრობლემა დგება ყველაზე მეტად ხარისხთან დაკავშირებით. თუ განვიხილავთ, რომ ჯენერიკული მედიკამენტები იქნება დანიშნული, მისი ხარისხის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფომ, რადგან საფრთხეები აქ არსებობს.

რაც შეეხება ფასების ფიქსირებას, სახელმწიფოც შიშობს ამაზე და ჩვენც ვეთანხმებით, რომ ფიქისრებამ შეიძლება გამოიწვიოს უარესი სოციალური პრობლემა, ანუ მიწვდომადობის პრობლემა. შეიძლება ბევრი მედიკამენტი გავიდეს ბაზრიდან, რაც მოხდა ბევრ ქვეყანაში, როცა მოხდა ფასების ფიქსირება.

ხშირად იყენებენ მაგალითს, რომ თურქეთში მედიკამენტები იაფია, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ეს ყველა მედიკამენტზე არ არის და პირიქით, თურქეთში ბევრი მედიკამენტი ძვირია, ვიდრე საქართველოში. ეს გამოწვეულია თურქეთის სახელმწიფოს რეგულაციით. დოტაციურია ეს წამლები, რომელსაც ნაწილობრივ აფინანსებს.

ფასების რეგულირებაზე საუბარი ჯერ კიდევ სერგეენკოს მინისტრობის დროს დაიწყო. იყო ერთი შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, ახლა შედგა მეორე შეხვედრა.

ამასთან კონკურენციის სააგენტოს აქვს გამოთხოვილი დოკუმენტები და ნახავენ ალბათ, რომ არანაირ ზემოგებაზე არ არის სექტორი“-აცხადებს ირინა ჭელიძე.

მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე დასკვნით შეხვედრას ჯანდაცვის კომიტეტი მომდევნო კვირაში გამართავს და შესაბამის რეკომენდაციებსაც მოამზადებს.