მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ განაწილდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის "ენგურჰესის" ელექტროენერგია?

619e28dd9fffb
დავით ჯალაღონია
25.11.21 10:10
1318
"ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენ რეგიონებს შორის "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილება იმ პროპორციას დაუბრუნდება, რაც ზეპირი შეთანხმებით დადგინდა, თუმცა ბოლო ბოლო წლების განმავლობაში ხშირად დაირღვა. კერძოდ, ამ შეთანხმებით, "ენგურჰესის" გენერაციის არაუმეტეს 40% უნდა მოხმარდეს აფხაზეთის რეგიონს.

"აფხაზები ელოდებიან რუსეთიდან იმპორტს და ეს შეამცირებს დატვირთვას “ენგურჰესზე”. ისინი ასევე შეზღუდვებს აკეთებენ და მოხმარებაც ცოტა შეამცირეს. წლის ბოლოსთვის, "ენგურჰესის" ელექტროენერგიის განაწილება იქნება 60/40-ზე, როგორც იყო მოლაპარაკებული. ეს პროპორცია დაცული იქნება მათი შეზღუდვებისა და ჩვენს მიერ გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე", - განუცხადა მებონიამ BMG-ს და დასძინა, რომ იმპორტიც რომ არ განხორციელდეს, ზემოთ დასახელებული პროპორციის დაცვა, მცირე ცდომილების ფარგლებში შესაძლებელი იქნება.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში 2 მლრდ 371.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19.5%-ით მეტია.