მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გახდა WhatsApp-ის შემქმნელი უკრაინელი იან კუმი ამერიკელი მილიარდერი?

622dd4975563e
მარიამ ადამია
15.03.22 00:14
4071

უკრაინაში დაბადებული იან კუმის ამერიკული ოცნება, სოციალური დახმარებით დაიწყო. მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ოჯახმა შტატებში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა, იქ მიღებული განათლებით, იანმა მობილური მესენჯერი WhatsApp შექმნა, რომელიც მოგვიანებით Facebook-მა 19 მილიარდ დოლარად იყიდა, აქედან 6 მილიარდ 800 მილიონი იან კუმის ანგარიშზეა - პროგრამისტის, რომელიც ერთ დროს მარკ ცუკერბერგმა დაიწუნა და სამსახურში არ აიყვანა.

კუმი დაიბადა და გაიზარდა, უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად, პატარა ქალაქ ფასტოვში და იყო ერთადერთი შვილი ოჯახში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს, კუმების ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში შექმნილ სიღარიბესა და უპერსპექტივობას, ასევე შემაშფოთებელ პოლიტიკურ და ანტისემიტურ გარემოს მოშორებოდნენ და აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამიტომ იყიდეს ბილეთი, ყველა ის საჭირო ნივთი მოაგროვეს, რაც საწყის ეტაპზე ესაჭიროებოდათ და პირველივე რეისით შტატებს, მაუნტინ-ვიუს მიაშურეს. თუმცა ბორტზე მხოლოდ დედა-შვილი მოხვდა, მამამ კი, რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა, ეს ვერ მოახერხა. ემიგრაციაში ცხოვრება არასდროს მარტივი არ არის, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც მარტოს გიწევს თავის გატანა, 16 წლის მოზარდთან ერთად. მაგრამ მაინც, იღბლიანად გრძნობდნენ თავს, რადგან მთავრობის დახმარებით, პატარა, ორსაძინებლიან ბინაში ცხოვრობდნენ და სამსახურიც ჰქონდათ. ამ დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს სამსახური რას გულისხმობდა, ამიტომაც იან კუმი სუპერმარკეტში იატაკებს წმენდდა, დედა კი ბავშვების მომვლელად მუშაობდა. ხოლო როდესაც დედამისს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ოჯახს ინვალიდობის შემწეობით გაჰქონდა თავი.

იანი ძნელად აღსაზრდელი და მარტოსული მოზარდი იყო. მართალია ინგლისურად საკმაოდ კარგად საუბრობდა, მაგრამ მაინც უჭირდა მეგობრების გაჩენა, ურთიერთობა. ამერიკულ საშუალო სკოლებში არსებული მეგობრობის შემთხვევითი, არამყარი ხასიათი არ მოსწონდა. წვეულებზე გართობას კომპიუტერული ლიტერატურის კითხვას ამჯობინებდა. სწორედ მისი რთული ხასიათი გახდა იმის მიზეზიც, რომ მოგვიანებით კუმი საშუალო სკოლიდან გამოაგდეს და მას ალტერნატიულ პროგრამაზე დასწრება მოუწია. პარალელურად, მუდმივად სწავლობდა იმას, რაც აინტერესებდა - კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და უკვე 18 წლის ასაკში იცოდა კომპიუტერული ქსელების აგება, ყიდულობდა სახელმძღვანელოებს ნახმარი წიგნების მაღაზიაში და აბრუნებდა მათ, როდესაც წაიკითხავდა.

თავისივე ინიციატივით შეუერთდა ჰაკერების ჯგუფს. საინტერესო და საჭირო კავშირების დამყარება კი, სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასარიცხად გამოადგა. მოკლედ, სწავლობდა ყველგან, ყველაფერს რისი საშუალება და შანსიც ეძლეოდა. შედეგად, დაგროვილი გამოცდილების ფონზე ის, 1997 წელს Yahoo-ში პროგრამისტად აიყვანეს, თანაც ისე, რომ ამ დროისთვის, სან ხოსეს უნივერსიტეტის დამთავრება ვერ მოახერხა. მასთან ერთად კომპანიაში კი, ბრაიან ეკტონი, Yahoo-ს ნომერ 44 თანამშრომელი მუშაობდა, რომელთან ერთადაც კუმი ერთ მაგიდასთან აღმოჩნდა.

“თავიდანვე გასაგები იყო, რომ ის ცოტათი განსხვავებული იყო", – იხსენებს ეკტონი. თუმცა ინტერესებისა და მიზნების თანხვედრისა თუ ურთიერთგაგების ფონზე, დროთა განმავლობაში, ეკტონი მარტოსული იანის მთავარი მეგობარი გახდა. აღმოჩნდა, რომ კუმსაც მოეწონა ეკტონის სერიოზული სტილი: “არც ერთ ჩვენგანს არა აქვს სისულელეების კეთების უნარი”, – ამბობს კუმი. შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში ეს წყვილი Yahoo-ს მრავალრიცხოვან წარმატებებსა და წარუმატებლობებს აკვირდებოდა. არც ერთ მათგანს არ მოსწონდა რეკლამებთან მუშაობა. “თქვენ ვერავის ცხოვრებას ვერ გააუმჯობესებთ იმით, რომ რეკლამებს უკეთესად აამუშავებთ”, – ამბობდა ეკტონი. კუმი კი, თავის LinkedIn-ის პროფილში Yahoo-ში გატარებულ ბოლო სამ წელს ენთუზიაზმის გარეშე აღწერს სიტყვებით: “ვასრულებდი გარკვეულ სამუშაოს”.

2007 წელს მეგობრებმა ბედი მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ გიგანტებში სცადეს, გაიარეს არაერთი გასაუბრება, მათ შორის Facebook-ში, თუმცა სამუშაოზე ორივეს უარი უთხრეს. 2009 წლის იანვარში კი, კუმმა აიფონი შეიძინა, App Store-ის გამოყენება დაიწყო და გაჩნდა იდეაც, შეექმნა ტექსტური შეტყობინების გასაგზავნი უფასო პლატფორმა და ასე 2009 წლის 24 თებერვალს პერსპექტიული გლობალური მოვლენა, WhatsApp-ი გამოჩნდა, რომელიც თავიდანვე მობილური ოპერატორების კოშმარად იქცა. კუმმა თითქმის მაშინვე აირჩია სახელწოდება, რადგან ის ჟღერდა, როგორც “What’s up?” (რა ხდება). აპლიკაცია ჯერ დაწერილიც კი არ იყო. კუმი მთელი დღეების განმავლობაში პროგრამულ უზრუნველყოფას წერდა თავისი აპლიკაციის მსოფლიოს ნებისმიერი ტელეფონის ნომერთან სინქრონიზაციისთვის.

WhatsApp-ის პირველი ვერსია ცუდად მუშაობდა. იან კუმი ფიქრობდა, თავი დაენებებინა ახალი წამოწყებისთვის და სტაბილური სამსახური ეშოვნა, მაგრამ ბრაიანმა გადააფიქრებინა და მალევე გამოჩნდა პირველი ინვესტორი და 8 მილიონი დოლარი, რასაც შემდგომ სხვა კრედიტები მოჰყვა. ამ დროისთვის არსებობდა Google-ის G-Talk-ი და Skype-ი, მაგრამ WhatsApp-ი უნიკალური იყო იმით, რომ მომხმარებლის სახელი საკუთარი ტელეფონის ნომერი იყო.

2009 წლის სექტემბერში კუმმა ახალი ვერსია გამოუშვა შეტყობინებების კომპონენტით და ნახა, რომ მისი აქტიური მომხმარებლების რიცხვი უცებ 250 000-მდე გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ კუმი და ეკტონი, პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, უფასოდ მუშაობდნენ, დასაწყისში მათი ყველაზე დიდი ხარჯი მომხმარებლებისთვის შესამოწმებელი მოკლე შეტყობინებების გაგზავნა იყო. დამაარსებლებს აპლიკაცია, დროდადრო უფასოდან “ფასიანზე” გადაჰყავდათ, რათა იმაზე უფრო სწრაფად არ გაზრდილიყვნენ, ვიდრე მათი ხელმომწერებისგან მიღებული შემოსავალი იზრდებოდა.

2011 წლის დასაწყისისთვის, WhatsApp-ი უშუალოდ ქვეყნების უმრავლესობის App Store-ების ტოპ-ოცეულში იყო. მისი ბაზა დაახლოებით 220 მილიონ აქტიურ მომხმარებლამდე გაიზარდა, ხოლო პერსონალი – 30-მდე, ეკტონი და კუმი შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მეტი ფულის მობილიზება იყო საჭირო და სწორედ ამ დროს შემოვიდა იან კუმის ფოსტაში წერილი სათაურით: “გავერთიანდეთ?”

შეტყობინება ისეთივე იყო, როგორიც ყველა სხვა სატყუარა, რომელიც 2012 წლის გაზაფხულზე იან კუმის შემომავალ ფოსტაში ხვდებოდა. მას ყოველდღიურად აწუხებდნენ ინვესტორები, რომელთაც მისი კომპანიის, WhatsApp-ის ნაწილი სურდათ. ამჯერად კუმმა მეილი მარკ ცუკერბერგისგან მიიღო, რომელიც წერდა, რომ ის WhatsApp-ს იყენებდა და მისი სადილზე მიწვევა სურდა. კუმმა კი უპასუხა, რომ სერვერთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად მიემგზავრებოდა. ცუკერბერგი არ დანებდა და გამგზავრებამდე შეხვედრა შესთავაზა. “დათანხმდი შეხვედრაზე,” ურჩია ეკტონმა: “როდესაც მარკის სტატუსის მქონე ადამიანი უშუალოდ გიკავშირდება, შენ უნდა უპასუხო ტელეფონს”. პარტნიორმა დაუჯერა კიდეც.

საბოლოოდ, სადილი ცუკერბერგთან გერმანულ საცხობში, Esther’s-ში შედგა და ასე დაიწყო ტექნოლოგიის ისტორიაში ყველაზე მოგებიანი ორწლიანი მოლაპარაკება. სიმპათია მეგობრობაში გადაიზარდა, შემდეგ კი სიმდიდრის უპრეცედენტო გადაცემაში, რომელიც ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იქნა კანონის დაცვით, სოციალური უზრუნველყოფის იმ ოფისში, სადაც 38 წლის კუმი, ერთ დროს რიგში იდგა.

არანაირი რეკლამები, სტიკერები, პრემიუმ-განახლებები, ასეთი იყო აპლიკაციის გუნდისა და იანის პირობები, რაც გახდა კიდეც ათასობით და ათიათასობით ადამიანის დაინტერესების მიზეზი და ფაქტობრივად, არც ერთი სოციალური ქსელი არ გაზრდილა ისე სწრაფად, როგორც ეს WhatsApp-მა თავისი პრინციპულობით მოახერხა. ის ყოველწლიურად მილიონ ახალ მომხმარებელს არეგისტრირებდა. უფრო მეტიც, “Whatsappen” ლექსიკონში ახალ ზმნად გაჩნდა, რაც WhatsApp-ის შეტყობინების გაგზავნას ნიშნავს.

მიუხედავად წარმატებისა და მზარდი მაჩვენებლებისა, 2018 წლის აპრილში, კუმმა WhatsApp-ი და Facebook-ის დირექტორთა საბჭო დატოვა. როგორც უცხოური მედია წერს, მიზეზი ცუკერბერგთან მონაცემთა უსაფრთხოებაზე, კონფიდენციალურობასა და დაშიფვრაზე არსებული უთანხმოებაა. ანუ Facebook-ის გენერალურმა დირექტორმა, WhatsApp-ზე დაშიფვრის სისტემის შესუსტება მოისურვა, რასაც იან კუმი არ დათანხმდა და პოზიციაც დატოვა. შესაბამისად, ცუკერბერგს საშუალება მისცა შეეცვალა პლატფორმის კურსი , ისე როგორც თავად სურდა.

დღეს კუმი დროს კალიფორნიაში უძრავი ქონების უზარმაზარი და წარმოუდგენლად ძვირად ღირებული პორტფოლიოს შეგროვებაში ხარჯავს. მან სულ რაღაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 400 მილიონი დოლარის უძრავი ქონება შეისყიდა, ძირითადად, მალიბუში.

46 წლის იან კუმს, Forbes-ის მიხედვით, 9,9 მილიარდი აშშ დოლარი აქვს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცევს, რეიტინგში ის, რიგით 65-ე ადგილს იკავებს.