მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იმოქმედა უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ კახეთის სასტუმროებზე - Cushman & Wakefield-ის კვლევა

5f2186eaa404c
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.20 19:03
1099
უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ კახეთის სასტუმროების ზრდა და ვიზიტორთა კლება გამოიწვია - ამის შესახებ Cushman & Wakefield-ის ახალ კვლევაშია ნათქვამი.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კახეთი ცხელი და მშრალი კლიმატით გამოირჩევა, რის გამოც რეგიონში წარმოდგენილი სასტუმროების უმეტესობას საცურაო აუზი გააჩნია.

„მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის არსებობა ყველა მათგანისთვის მუდმივად წარმოადგენდა დამატებითი შემოსავლის წყაროს, ვინაიდან კვირის ბოლო დღეებში მკვეთრად მატულობდა ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა.

დღესდღეობით, შენარჩუნებული რეგულაციებიდან გამომდინარე, განისაზღვრა აუზზე ვიზიტორებს შორის დასაცავი დისტანცია და მკვეთრად გამკაცრდა ჰიგიენური და სანიტარული ნორმების პროტოკოლი. ამან გამოიწვია როგორც სასტუმროების საოპერაციო ხარჯების ზრდა, ასევე ერთდღიანი ვიზიტორების შემცირება, რაც პირდაპირპროპორციულია სასტუმროს შემოსავლების კლებასთან”, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთანაცე სასტუმროს დატვირთულობაზე დადებითად იმოქმედა ივნისის შუა რიცხვებიდან ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების ნებართვის გაცემამ და 13 ივლისიდან ასეთ სივრცეში კულტურული ღონისძიებების ორგანიზების დაშვებამ.

„რეგულაციების შემსუბუქება მალევე პოზიტიურად აისახა სასტუმროს MICE მიმართულებაზე. გამოკითხული ჰოტელიერების თქმით, უკვე გაჩნდა მოთხოვნა ღონისძიებების სივრცეებზე, ღია რესტორნებსა და კაფეებზე. რამდენიმე სასტუმრომ უკვე უმასპინძლა რიგ კონფერენციასა და ტრენინგს როგორც ადგილობრივი კომპანიებისათვის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის”, - აღნიშნულია Cushman & Wakefield-ის კვლევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კახეთის რეგიონში სასტუმროს მშენებლობაზე ნაკლები ნებართვა გაიცა.

„წინა წელს კახეთში სასტუმროს მშენებლობაზე სულ 21 ნებართვა გაიცა. მთლიანობაში, გასულ წლებში ნებართვების გაცემის მზარდი ტენდენცია აღინიშნება. ასევე, მზარდი ტრენდია დასრულებულ მშენებლობებთან მიმართებაშიც. თუკი 2018 წელს 5 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა, 2019 წელს ეს ციფრი 12-მდე გაიზარდა.

მნიშნველოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები არსებული კრიზისის პერიოდში. მცირედი ვარდნა უკვე აისახება 2019 და 2020 წლების პირველი კვარტალის შედარებისას. შარშან 6 ნებართვა გაიცა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში - 4“, - აღნიშნულია კვლევაში.

Cushman & Wakefield-ის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვლისთვის რეგიონში 231 განთავსების საშუალება იყო დარეგისტრირებული 1 920 ოთახითა და 4 589 საწოლით. 2019 წელს კახეთში 15 სასტუმრო გაიხსნა, რომელთა ოთახების ჯამური რაოდენობა შეადგენს 512, ხოლო მათში საწოლების ჯამური რაოდენობა 1 039 (23% ზრდა). გასულ წელს, დამატებული ოთახების რაოდენობამ სრული რაოდენობის 27% შეადგინა.