მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში Biltmore Hotel Tbilisi-ს დატვირთვა შემცირებულია - სასტუმროში მიზეზებს განმარტავენ

64b8fb441351d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.23 13:24
2867
თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე განთავსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილტმორის“ დატვირთულობა მიმდინარე თვეში 60%-ია.

როგორც bm.ge-ს სასტუმროს გაყიდვების დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ განუმარტა, გასული წლის ამავე პერიოდთან - ივლისთან შედარებით „ბილტმორის“ დატვირთვის მაჩვენებელი შემცირებულია. ის არსებული მდგომარეობის მიზეზებსაც განმარტავს.

„დღეს სასტუმროს დატვირთულობა 60%-ია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 400 ღამისთევით ნაკლებია, შესაბამისად, ივლისში დატვირთულობა დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

„ბილტმორი“ ტრადიციულად სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს ქვეყნების რეიტინგში ერთგვარი გადანაცვლება მოხდა. სტუმრობის მიხედვით პირველ ადგილს ისრაელი იკავებს, მეორე ადგილზე საამიროებიდან ჩამოსული სტუმრები არიან, შემდეგ მოდის ქუვეითი და საუდის არაბეთი, ჩვენი მეზობელი და ევროპის ქვეყნები.

ჩვენი დაკვირვებით წელს სტუმრებს შორის მოიკლო საუდის არაბეთისა და ევროპელი ტურისტების რაოდენობამ, რაც დატვირთვაზეც აისახა. ამასთან, ვთვლით, რომ მიმდინარე წლის დატვირთულობის შემცირება, ბაზარზე განთავსების ნომრების სიმრავლემ გამოიწვია. 2022 წელთან შედარებით წელს თბილისში უფრო მეტი სასტუმრო მუშაობს, შესაბამისად ოთახების მიწოდების მაჩვენებელი გაიზარდა და ტურისტების გადანაწილება მოხდა“, - განმარტავს მარიამ ქუთათელაძე.

სასტუმროს მენეჯმენტში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის იანვრამდე 19 ივლისამდე ჯამურად სასტუმროს დატვირთულობა 15%-ით, შემოსავლები კი 14%-ით გაიზარდა. 

„ბილტმორში“ აგვისტოში დატვირთულობის კუთხით დადებითი მოლოდინები აქვთ. სასტუმროს გაყიდვების დირექტორი, პანდემიის შემდეგ სტუმრების მიერ ჯავშნების გაკეთების ქცევის ცვლილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პოზიტიური მოლოდინები, ინდოეთიდან პირდაპირი ფრენების შესრულებითაც არის განპირობებული.

„მომდევნო პერიოდისთვის პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. აგვისტოში ინდოეთიდან პირდაპირ ფრენებს „ინდიგო“ იწყებს და იმედი გვაქვს, რომ ამ კლებას რომელიც სხვა ბაზრებიდან გვაქვს, ამ მიმართულებიდან შევავსებთ. ამასთან, ტურისტული ჯგუფების და სეგმენტის აქტივობის პერიოდია. კოვიდის შემდეგ ჯავშნების გაკეთება ბოლო წუთებში ტენდენციური გახდა, ამიტომ რთულია ერთი თვით ადრე იმის თქმა, რა დატვრითვა გვექნება. შესაძლოა ერთ კვირაში ჯავშნები დიდი რაოდენობა შემოვიდეს“, - უთხრა bm.ge-ს „ბილტმორის“ გაყიდვების დირექტორმა.

214-ნომრიან სასტუმროში განთავსების საშუალო ღირებულება დღეისთვის 200 დოლარია, რაც გაყიდვების დირექტორის თქმით, გასულ წელთან შედარებით გაზრდილი ფასია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები