მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოვიყვანოთ ბიოპროდუქტები? - რუისპირში შვეიცარიელი სპეციალისტის სემინარები გრძელდება

608d5b3b1e4f3
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.21 18:00
904
სოფელ რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობაში ბიომევენახეობის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის ერთდღიანი სემინარი 15 აპრილს გაიმართა და მას 30-ზე მეტი მსურველი ესწრებოდა.

მეურნეობის ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი, რომელიც თავად ბიოდინამიურ მევენახეობას ეწევა და მაღალხარისხიანი ღვინის რეალიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში კონკურენტულ ფასად ახდენს, BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სემინარისადმი ინტერესი დიდი იყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და არსებული რეგულაციების გამო, სემინარზე დასწრება დაინტერესებულ პირთა მხოლოდ ნახევარმა შეძლო.

მისივე ინფორმაციით, სემინარები, რომლებიც საქართველოში ჩამოსულ შვეიცარიელ სპეციალისტს მევენახე-მეღვინე დორიან ამარს მიჰყავს, ვენახის მოვლის კალენდრის მიხედვით შემდგომშიც გაგრძელდება.

„ვენახის მოვლა, უხეშად რომ ვთქვათ, სამ ეტაპად იყოფა: ყვავილობამდე, ყვავილობის შემდეგ და დაკრეფამდე. პირველი სემინარის შემდეგ გამოიკვეთა, რომ თითოეული თემის მიმართ ინტერესი მევენახეების მხრიდან დიდია. ამიტომ მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში კიდევ ერთი სემინარი ჩატარდება, რომელიც უშუალოდ ყვავილობის პერიოდში ვენახის მოვლა-პატრონობას შეეხება, ხოლო შემდეგი სემინარი ივლისის ბოლოს იქნება და ამ სემინარზე სემინარის მონაწილეები დაკრეფამდე ჩასატარებელ სამუშაოებსა და მიდგომებს გაეცნობიან“, - განმარტა გიორგი ალადაშვილმა.

კახეთში, რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში გამართულ სემინარს, რომლის ღირებულება 150 ლარია, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე მევენახეები დასავლეთიდანაც ესწრებოდნენ.

„15 აპრილს ჩატარებულმა სემინარმა საშუალება მოგვცა დაგვენახა, როგორ დავგეგმოთ და ვმართოთ ამ სახის სემინარები. რაც მთავარია, მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ დიდია და სემინარების სარგებლიანობას თავად მონაწილეებიც აღნიშნავდნენ. სემინარს ისეთებიც ესწრებოდნენ, ვინც დაიწყო ვენახის გაშენება, ან ვისაც აქვს ვენახი და გამოცდილება, თუმცა კიდევ ეძებს ცოდნას. სრულიად განსხვავებული მიდგომაა ახლა მევენახეობის კუთხით. ამასთან, როდესაც უცხოეთიდან ამხელა გამოცდილების ადამიანი გვიზიარებს ცოდნას, ეს დასაფასებელია. იყო გამოხმაურება, რომ ქართველებს სასწავლი არაფერი აქვს, თუმცა განვითარება და ახლის შეცნობა არასდროს ზედმეტი არაა“, - აღნიშნა რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის ხელმძღვანელმა.