25.აგვისტო .2020 18:20

როგორ შეძლებენ უცხოელები საქართველოში ბიზნეს-ვიზიტზე/მუშაობაზე უფლების მიღებას - წესები

views 573
უკან

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა განაცხადის შევსების ფორმა და წესები, რომელიც უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში ბიზნეს-ვიზიტსა და მუშაობაზე თანხმობის მისაღებად უნდა შეავსონ. 

ერთობლივ ბრძანებას ხელს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აწერენ, ხოლო განაცხადის მიღება და პროგრამული უზრუნველყოფა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ წესები არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებთანაც საქართველოს საზღვრები გახსნილი აქვს და კარანტინის გარეშე შეუძლიათ მოგზაურობა. ამასთან, პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილება.

რაც შეეხება თავად წესებს და განაცხადს, რომელიც stopcov.ge-ზე ივსება, განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია: განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), ინფორმაცია უცხოელი დამსაქმებლის შესახებ, უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ, ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით, წინასწარი დასტური სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გავლის შესახებ (ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ხოლო 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება), სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ვალიდურია არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში.

განაცხადზე თანხმობა-უარყოფასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები იღებენ. თანხმობის გამცემი უწყების მიერ განცხადების განხილვა მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღეში განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა