მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება ქართული ღვინის წილი საექსპორტო ბაზრებზე გაიზარდოს? - გიორგი რუხაძის განმარტება

641b5f9b54776
ალა ისპირიანი
23.03.23 01:00
714
ქართული ღვინის რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ღვინის საექსპორტო კალათაში რუსეთის წილი 69.2%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ამავე პერიოდში 60.4% იყო. გაუარესებულია ექსპორტის მაჩვენებლები ევროკავშირის ბაზარზეც. თუ 2022 წლის 2 თვეში EU-ში 4 მილიონ 998 ათასი დოლარის ღვინო იყო გატანილი, 2023 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 3 მლნ 814 ათას დოლარამდე შემცირდა. კლებაა პოლონეთისა და ყაზახეთის ბაზრებზეც. გასულ 2 თვეში რუსეთში თითქმის 24 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, მაშინ როდესაც მეორე და მესამე ადგილზე მყოფ უკრაინასა და პოლონეთში ღვინის ექსპორტი 1.7 მლნ მცირედით აღემატებოდა. ხუთეულშია ჩინეთი და ყაზახეთი. სხვა ქვეყნებში კი, ღვინის ექსპორტი 1 მლნ დოლარზე ნაკლებია. „საქსტატის“ მონაცემებით, წლის პირველ 2 თვეში ექსპორტზე 34.5 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 3.9%-ია.

George Grey Winery-ს დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, რომ ევროპის ბაზარი უფრო მეტად ღვინის ხარისხზეა ორიენტირებული, რაც რუსეთის ბაზრის წილს ზრდის. გარდა ამისა, მან ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო წილის სიმცირე ნაკლები ცნობადობით ახსნა. მისი მოსაზრებით აღნიშნული მოსახლეობის ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და აქ ქვევრის ღვინო მზადდება.

"რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებამ არა ერთხელ დაგვანახა გარკვეული რისკები, ამიტომ საჭიროა ბაზრების დივერსიფიკაცია. სახელმწიფოსი და კერძო კომპანიების ჩართულობაა საჭირო, რომ ქართული ღვინის პოპულარობა ევროპულ და სხვა ბაზრებზე გაიზარდოს. ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურადაა ჩართული და ცდილობს ქართველ მეღვინეებს სხვადასხვა ბაზრების ათვისებაში დაეხმაროს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეღვინეების მხრიდანაც ხელშეწყობაა საჭირო და ამისთვის აუცილებელია ხარისხის გაზრდა.

რუსულ ბაზარზე უფრო მეტი პროცენტულობით წარმოდგენის მიზეზი ისაა, რომ სხვა ბაზრებზე ქართულ ღვინოს არასაკმარისად იცნობენ. მაგალითად ევროპაში არ არის ქართული ღვინო ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები ტარდება - ასევეა აშშ-ში, იაპონიაში.
აშშ-ში ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 28%-ით არის გაზრდილი და იაპონიაში 68%-ით. ეს ზრდა განაპირობა, როგორც სახელმწიფოს ისე მეღვინეების ჩართულობამ.

საჭიროა მეტი დახმარება და კერძო კომპანიების აქტიურობაც. ვფიქრობ, აქცენტი უნდა გაკეთდეს, ჩვენს უნიკალურ ღვინებზე ქვევრის ღვინოზე, როდესაც ევროპულ ბაზარზე მარკეტინგული აქტივობა გაიზრდება შედეგიც არ დააყოვნებს.

რუსეთის ბაზარი აქცენტს აკეთებს ფასზე და არა ხარისხზე და ევროპის და ამერიკის ბაზარი - პირიქით. როდესაც ხარისხზეა საუბარი რთულია გადაახდევინო რომელიმე დისტრიბუტორს 10 დოლარი ან უფრო მეტი როდესაც მას ძალიან მცირე წარმოდგენა აქვს შენს შესახებ. როგორ შეიძლება ქართული ღვინის წილი გავზარდოთ საზღვარგარეთის ბაზრებზე - უაზრობაა ფრანგულ და იტალიურ ღვიებს ევროპული ტექნოლოგიით ღვინის დაყენებაში შევეჯიბროთ და ვეცადოთ მასზე უკეთესი ფასი დავსვათ. ვერ დავსვათ, რადგან, თუნდაც ნორმალური ბოთლი თუ გვინდა შევიძინოთ იტალიიდან, საფრანგეთიდან ჩამოგვაქვს და იქ ტექნოლოგია ბევრად უფრო განვითარებული და დახვეწილია.

რა უპირატესობაც ჩვენ გვაქვს საბედნიეროდ ვართ ღვინის სამშობლოდ წოდებული, ასევე გვაქვს ქვევრის ღვინოები და სხვა ევროპულ ან ამერიკულ ქვეყნებში ეს ასეთი მასშტაბებით არ არის. ევროპის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის, საქართველო ღვინის სამშობლოა და ზოგადად ქვევრის ღვინო არსებობს“, - განაცხადა მან.