06.აპრილი .2020 18:20

როგორ ვმართოთ ვირუსის გავრცელება? - ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრება

views 662
უკან

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. ის ქვეყანაში რისკ-ჯგუფების დაცვის ამაღლებისთვის და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, მთავრობას ფართო ტესტირებისკენ მოუწოდებს. ჭიაბერაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, რამდენიმე ათასი მოქალაქის ტესტირება განხორციელდეს, რათა უკეთესად გამოიკვეთოს თუ რა მასშტაბი აქვს ქვეყანაში რეალურად ვირუსის გავრცელებას. 

როგორ ვმართოთ ვირუსის გავრცელება?

ახალი კორონავირუსის გავრცელების შესასუსტებლად და მასთან საბრძოლბელად მოქმედება გვიხდება ბევრი უცნობი ცვლადის პირობებში, რაზედაც მსოფლიოს წამყვან ვირუსოლოგებში, ინფექციონისტებში, ეპიდემიოლოგებში, იმუნოლოგებში აზრთა სხვადასხვაობაა.

1. ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა (გარდაცვლილთა წილი მათში, ვისაც ვირუსი დაუდგინდა)

მთავარი, რაც გვაღელვებს, ადამიანების სიცოცხლეა; როდესაც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ჯერ კიდევ ჩინეთი იყო, გავიგეთ, რომ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა იყო დაახლოებით 2%. დღეს, 6 აპრილს, ვხედავთ შემდეგს:

პირველი ცხრილი



იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილთა აღრიცხვა ერთნაირად მიმდინარეობს (თუმცა ამაზეც კი წარმოიშვა კამათი), სხვადსხვაა თავად ინფიცირებულთა აღრიცხვა, რაც საშუალოდ მილიონ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების მაჩვენებლით იზომება:

მეორე ცხრილი



ამ ორი ცხრილის ერთმანეთთან ბმა გვეუბნება, რომ გარკვეული კორელაცია ინფიცირებულთა მაღალ გამოვლენასა და სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს შორის არსებობს (იხ. განსაკუთრებით, ისლანდია, ნორვეგია, ავსტრალია). არ დაგვაბნიოს იტალიის მაღალმა გამოვლენამ და ასევე მაღალმა სიკვდილიანობამ (იგივეა ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, გაერთიანებული სამეფო). საქმე ისაა, რომ მათთან ვირუსი გაცილებით ფართოდაა გავრცელებული და რაც გამოვლენილია, მათი უმეტესობა უკვე მძიმედ სიმპტომებით გამოხატული, ჰოსპიტალიზებული პაციენტებია.

თავდაპირველად, ბევრს აღიზინებდა ტერმინი “მკვლელი ვირუსი”, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მსოფლიოში და ცალკეულ სახელმწიფოებში ზედმეტ პანიკას თესავდა. ახლა კი, როდესაც სოციალური დისტანცირებისათვის მთავრობებმა უკიდურეს ზომებს მიმართეს, ისევ იმათ უმრავლესობას, ვისაც ტერმინი “მკვლელი ვირუსი” აღიზიანებდა, ახლა ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალ პროცენტებზე საუბარი აღიზიანებთ: ჯერ ერთი, ყველა ადამიანის სიცოცხლეს აქვს ფასი და, მეორეც, თუ სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად დაბალია, მაშინ მიღებული უკიდურესი ზომების მიზანშეწონილობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

2. ტესტირება

გამოსავალი შეიძლება იყოს სოციოლოგიური გამოკითხვებისას გამოყენებული მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 10-12 ათასი ადამიანის ანტისხეულებზე დაფუძნებული სისხლის ტესტებით დადგენა, რამდენია კონკრეტულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბი. ეს გაგვაგებინებს, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა უკვე ვირუსი და, რაც მთავარია, დაგვანახებს, გავრცელების ამ მასშტაბში რამდენი მძიმე პაციენტი გვყავდა.

ანუ ასეთ შემთხვევაში ჰოსპიტალში მოსათავსებელი პაციენტების პიკების მოდელირებისათვის ჩვენ გვექნება გაცილებით უფრო სანდო მონაცემები და, შესაბამისად, გაცილებით უფრო სანდო პროგნოზი.

PCR-ტესტებს, ანტიგენზე დაფუძნებულ ნაცხის ტესტებს, რა თქმა უნდა, შეუცვლელი ღირებულება აქვს კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის გასაგებად და სამკურნალოდ.

3. როგორ ვმართოთ ვირუსის გავრცელება

თავის მხრივ, ანტისხეულებზე დაფუძნებულ სისხლის ტესტებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რომ მთავრობების მიერ გადადგმული შემზღუდავი ღონისძიებების კალიბრაცია მოხდეს. კერძოდ, თუ მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გვეცოდინება კონკრეტულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბი და გავაკეთებთ უფრო სანდო პროგნოზს ჰოსპიტალში მოსათავსებელი პაციენტების პიკების მოდელირებისათვის (პიკის დრო, პერიოდი, პაციენტთა რაოდენობა პიკის დროს), მაშინ შეიძლება შემზღუდავი ღონისძიებების ისე მართვა, რომ

- რისკ-ჯგუფები დავიცვათ
- ჰოსპიტალური სექტორი არ გადავტვირთოთ
- ეკონომიკა არ დავაზიანოთ ძალიან
- “საზოგადოებრივი იმუნიტეტიც” გამოვიმუშავოთ

გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს წამყვან ვირუსოლოგები, ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები, იმუნოლოგები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ვირუსის სრული გაქრობა ვერ მოხდება და მის გავრცელებას ექნება სეზონურობა. იმ პირობებში, როდესაც ვაქცინამდე 1 წელი შეიძლება გვაშორებდეს, შეიძლება საუკეთესო სტრატეგია იყოს ვირუსის გავრცელების ზუსტად ისე მართვა და ზემოაღნიშნულ 4 პრინციპს შორის ბალანსის ისე დაცვა, რომ თან რისკ-ჯგუფები დავიცვათ და ჰოსპიტალური სექტორი არ გადავტვირთოთ, და თან ეკონომიკა არ დავაზიანოთ ძალიან და “საზოგადოებრივი იმუნიტეტიც” დროულად გამოვიმუშავოთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა