მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სადღეგრძელოებით პირველადი ჯანდაცვა ვერ გაიმართება” - ზურაბ ჭიაბერაშვილი

64a56d7fd6194
ანუკა ჯოხაძე
05.07.23 18:02
644
თბილისის მერიამ 2020 წელს მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზების პროექტი დააანონსა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მაშინ შესაბამისი ობიექტების აუციონზე გამოტანისთვის მზადებაც დაიწყო. განცხადების თანახმად, უნდა გაკეთებულიყო პოლიკლინიკების ნუსხა, რომელიც აუქციონის სახით გასხვისდებოდა, თუმცა შეინარჩუნებდა როგორც იგივე პროფილს, ისე დასაქმებულ თანამშრომლებს. ჯანდაცვის სამინისტრომ მერიის გეგმა არ მოიწონა და კალაძის მხრიდან გაჟრებული ინიციატივა არ შედგა. თბილისის მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მერიის ბალანსზე არსებული კლინიკები აღარ გასხვისდება და მის რეაბილიტაციას ან თავად მუნიციპალიტეტი ან ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს.

ჯანდაცვის ექსპერტის ზურაბ ჭიაბერშვილის თქმით, სახელმწიფოს გაცხადებული აქვს, რომ თავისი როლის გაზრდით სამედიცინო სექტორში ხარისხი გაუმჯობესდება, თუმცა ეს ასე არ არის. მისი თქმით, სახელმწიფო კარგი მენეჯერი არ არის და იქ, სადაც კერძო სექტორია წარმოდგენილი, ხარისხი ბევრად მაღალია.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვის სექტორში სწორი ფინანსური სქემის შეთავაზება თუ არ მოხდება და სწორი სტიმულები თუ არ გაჩნდება, ის ვერ განვითარდება.

“სადღეგრძელოებით პირველადი ჯანდაცვა ვერ გაიმართება. უნდა არსებობდეს ამის ფინანსური მოტივაცია. დღეს რაც არის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ფინანსური სქემა, მიდრეკილია იქითკენ, რომ ექიმმა ადამიანის ჯანმრთელობაზე იზრუნოს არაპრევენციულად, ძირითადი ფინანსური ნაკადი მიემართება უკვე გამწვავებულ შემთხვევებზე.

ასეთ ფინანსურ სქემაში არანაირი პირველადი ჯანდაცვა არ გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ იმისდა მიუხედავად, ვის საკუთრებაში იქნება კლინიკები, საყოველთაო ჯანდაცვის ფინანსური სქემა უნდა შეიცვალოს.

თუ არ შეიცვალა და მოტივაცია არ გახდა პირველ რიგში პაციენტისთვის, რომ მან პროფილაქტიკურად გამოკველევები ჩაიტაროს და შესაძლო გართულებების პრევენცია მოვახდინოთ, არსებულ სქემაში მუდმივად გვექნება ის, რომ თანხების უდიდესი ნაწილი წავა სტანციონარზე და ნაკლები წავა პირველად ჯანდაცვაზე. შესაბამისად, გვექნება პრობლემა, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა ვერ განვითარდება”, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები