მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი დატვირთულობაა თბილისის სასტუმროებში?

64ba7beb9d883
მარიამ იზორია
23.07.23 18:53
813
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2 529 517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე. თბილისში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიზიტორების კუთხით განსაკუთრებით აქტიური კი ივნისის თვე იყო.

სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ს გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ ივნისის თვეში სასტუმროს დატვირთულობამ 80%-ს მიაღწია. 

„ივნისის თვეში ჩვენმა დატვირთულობამ 80%-ს მიაღწია. ივლისსა და აგვისტოში ველოდებით 70%-იან აქტივობას, სექტემბრიდან კი ისევ დიდ ზრდას. ძალიან გააქტიურდა მოთხოვნა საკონფერენციო სივრცეებზე, რაც ძალიან გვახარებს, რადგან პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდა ბიზნესტურიზმი და ყველაზე მეტი დრო სწორედ ამ მიმართულების აღდგენას დასჭირდა“,- ამბობს ის.

სასტუმრო ბიზნესს კონსულტანტი და HSC Group-ის დირექტორი გიორგი დოლიძე აგვისტოს მოლოდინებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, აგვისტოში განსაკუთრებულ აქტივობას არ ელოდებიან.

„დაახლოებით 25 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სასტუმროში 100%-იანი დატვირთულობა გვქონდა. ფიქსირდებოდა „ოვერბუქინგიც“, რის გამოც დამსვენებელს სხვა სასტუმროებსაც ვუგზავნიდით.

რაც შეეხება მოლოდინებს, აგვისტოს პირველ ნახევარში ძალიან მაღალ - 80%-იან დატვირთულობას არ ველოდებით, სავარაუდოდ, საშუალო დატვირთულობა 70% გვექნება. აგვისტოს 25 რიცხვიდან 10 სექტემბრამდე კი შესაძლოა, ჯავშნების რაოდენობა 100%-ც გვქონდეს“, - აღნიშნავს დოლიძე.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით თურქეთი ლიდერობს, თურქეთის შემდეგ ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა, სამეულს კი სომხეთი ავსებს. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დედაქალაქის სასტუმროებში სტუმრებს ძირითადად ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან მასპინძლობენ, მათი შეფასებით პასიურია ევროპელი დამსვენებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები