თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა მსოფლიო პანდემიის, COVID 19-ის, სოციალური გავლენის შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევითი ინსტიტუტი გამოყოფს იმ ჯგუფებს, რომლებზეც ახალი კორონავირუსი ყველაზე მეტად მოახდენს გავლენას. დოკუმენტის მიხედვით, ეს ჯგუფებია:
- შრომითი ბაზრის მონაწილეები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის საკმაოდ მაღალი რსიკის წინაშე დგანან. ამ ჯგუფში რათქმაუნდა შედიან თვითდასაქმებულები და დაქირავებით დასაქმებულები;
- სოციალური შემწეობის მიმღები პირები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაღარიბების რისკის წინაშე დგაგან. მიზეზი ისაა, რომ ხშირად ასეთი პირები სოციალური დახმარების გარდა, არაფორმალური წყაროებიდან იღებენ შემოსავალს, პანდემიის პირობებში კი დიდი ალაბთობით ეს შემოსავალი აღარ ექნებათ. ამასთან, გაძვირებული სურსათი და პირველადი მოხმარების საშუალებები ყველაზე მეტად სწორედ ამ ჯგუფს დააზარალებს.
- ასაკოვანი მოქალაქეები, რომლებიც რისკჯგუფში არიან და ჯანმრთელობის კუთხით ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგანან.
კვლევის მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა 30% სამსახურის დაკარგვის/შეცვლის საკმაოდ მაღალი რისკის წინაშე დგას. ეს ძირითადად განპირობებულია ეკონომიკური აქტიურობის მოსალოდნელ ვარდნით ვაჭრობაში, მშენებლობაში, წარმოებაში, გაქირავებისა და კვების სექტორებში. აქვე აღნიშნულია, რომ ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია პანდემიამ დააზარალოს განათლების, საჯარო სექტორის, თავდაცვისა და ჯანდაცვის სექტორები. ISET მიუთითებს, რომ თვითდასაქმებულების დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობს, რომლებიც ასევე დაზარალდებიან და ამის მიზეზი რამდენიმეა: ღია აგრარული ბაზრების დახურვა, შეზღუდვები ტრანსპორტზე, საერთო მოთხოვნის შემცირება.
კვლევის ავტორები ასევე განიხილავენ რამდენიმე ვარიანტს, როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ადამიანებს, რომლებიც პანდემიის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ვინ უნდა შედიოდნენ ბენეფიციარებში, რა სახით უნდა მოხდეს დახმარება - ვაუჩერებით თუ პირდაპირ ქეშის გადაცემით და ა.შ. ამ ჭრილში ISET სხვა ქვეყნების მაგალითებსაც განიხილავს.
სხვადასხვა შესაძლო ვარიანტის განხილვის შემდეგ ISET მთავრობას ურჩევს, პირდაპირი ფულადი დახმარება გასცენ მოქალაქეებზე და მათ ეს თანხა თავიანთი საჭიროებების მიხედვით დახარჯონ.