მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველო-დანიის ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში?

6461e3e96600d
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.23 12:00
834
საქართველოში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი დანიელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დანიის პირველი დიპლომატი მთავრობის მეთაურთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრებს გამართავს. ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, საქართველოში დანიის საელჩოს ოფიციალურად გახსნის. ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 მაისს გაავრცელა. ვიზიტის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

როგორია საქართველო-დანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები? რით ვვაჭრობთ და რა ინვესტიციები შემოდის დანიის სამეფოდან ქვეყანაში - ამ კითხვებზე პასუხებს BM.GE ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეეცდება.

ინვესტიციები

საქართველოში დანიური ინვესტიციების შემოდინება მცირე მოცულობით 2005 წლიდან დაიწყო, 2006 წელს კი 42 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია 28.9 მლნ დოლარის მოცულობით 2020 წელს შემოვიდა, ხოლო 2022 წელს დანიიდან შემოსული ფინანსური რესურსის მოცულობამ 18.9 მლნ დოლარი შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვა

გასულ წელს საქართველო-დანიის საქონლით ვაჭრობის ბრუნვამ 29.5 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 2022 წელს 32.3%-ია. სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე ადგილი უკავია. გასულ წელს საქართველომ დანიაში საქონლის რეალიზებით სულ 3.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 62%-ით აღემატება.

დანიაში მთავარი საექსპორტო საქონელი კოსმეტიკური საშუალებებია, რაც ძირითადად რეექსპორტს წარმოადგენს. TOP-5 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. კოსმეტიკური საშუალებები - 2.5 მლნ დოლარი;
2. დასათესი თესლი, ნაყოფები და სპორები - 368 ათასი დოლარი;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 219 ათასი დოლარი;
4. მანგანუმის ოქსიდები - 175 ათასი დოლარი;
5. ქალის ბლუზები, პერანგები და ბატნიკები - 49 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს და იმას, თუ რას ვყიდულობთ დანიიდან. 2022 წელს საქართველოდან დანიაში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 26.1 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2021 წლის იმპორტთან შედარებით 29.2%-ით არის გაზრდილი.

იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასე გამოიყურება:

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1.6 მლნ დოლარი;
2. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 1.5 მლნ დოლარი;
3. თევზი გაყინული - 1,5 მლნ დოლარი;
4. ყველი და ხაჭო - 1.3 მლნ დოლარი;
5. ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 1.3 მლნ დოლარი;

ტურიზმი

დანიელ ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში არც პანდემიამდე და არც მის შემდეგ მაღალი არ ყოფილა. ქვეყანამ 2019 წელს სულ ქვეყანაში დანიელი ვიზიტორების 6 088 ვიზიტი შესრულდა, წელს კი ვიზიტების რაოდენობამ 3 103-ს მიაღწია, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 49%-ით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები