მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოშია - როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირი?

649551c1aa616
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.23 12:27
526
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის მეთაურობით წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია ეწვია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალიხან სმაილოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან ყაზახეთის მთავრობის - მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ინტეგრაციის, ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ- მინისტრთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუმცა შეხვედრების გრაფიკი ჯერ უცნობია.

როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები?

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყაზახეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ყველა მიმართულებით გააქტიურდა იქნება ეს სავაჭრო, სატრანზიტო, ფულადი გზავნილები თუ სხვა მიმართულებები.

ინვესტიციები

პირდაპირი ყაზახური ინვესტიციების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიცია არც ისეთი მოცულობითია, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ქვეყანაში ყაზახეთიდან 20 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.

სავაჭრო ბრუნვა

2023 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 226.6%-ით გაიზარდა და 254 მილიონ 274 ათასი დოლარი შეადგინა. ეს კი ქვეყნებს შორის ვაჭრობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

საანგარიშო პერიოდში ყაზახეთი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და უმსხვილეს პარტნიორებს ჩინეთსა და თურქეთსაც კი გადაასწრო. იანვარ-მაისის მონაცემებით საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტზე 241 მილიონ 824 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 278.6%-ით გაიზარდა. ამგვარად შუა აზიური ქვეყანა ექსპორტის მიმართულებით სავაჭრო პარტნიორებში 9.7%-იანი წილით მეოთხე ადგილს იკავებს.

ექსპორტი

ყაზახეთთან ექსპორტის ზრდის მთავარი ფაქტორი მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობა წარმოადგენს, რომელიც საქართველოს გავლით შუა აზიურ ქვეყანაში სრულად რეექსპორტით გადის. ავტომობილების ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 692.3%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყაზახეთთან ვაჭრობა, ექსპორტის და უფრო სწორად კი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზეა გაზრდილი და არა ადგილობრივი ნაწარმის რეალიზების ზრდით.

5 თვეში ყაზახეთში TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 186.7 მლნ დოლარი;
2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს - 15.3 მლნ დოლარი;
3. მინერალური და მტკნარი წყლები - 6.4 მლნ დოლარი;
4. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 6 მლნ დოლარი;
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4 მლნ დოლარი;
6. ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 3.7 მლნ დოლარი;
7. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 3.4 მლნ დოლარი;
8. ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 2.3 მლნ დოლარი;
9. ლუდი - 1.4 მლნ დოლარი;
10. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 1.3 მლნ დოლარი.


იმპორტი

ყაზახეთი მთავარ საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში არ გვხდება. ამ მიმართულებიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 10.8%-ით შემცირდა და 12 მილიონ 540 ათასი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ყაზახეთიდან შეძენილი საქონლის TOP-10-ეულის რეიტინგი ასეთია:

1. ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული გამოსაყენებელი საწერად, საბეჭდად ან სხვა გრაფიკული მიზნებისათვის - 1.4 მლნ დოლარი;
2. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 1 მლნ დოლარი;
3. პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 990 ათასი დოლარი;
4. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 942 ათასი დოლარი;
5. ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 734 ათასი დოლარი;
6. საფრენი აპარატების ნაწილები - 663.1 ათასი დოლარი;
7. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 497 ათასი დოლარი;
8. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 478 ათასი დოლარი;
9. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 432 ათასი დოლარი;
10. ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი პოლიმერული მასალებისაგან - 352 ათასი დოლარი.


ფულადი გზავნილები

უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების გადმორიცხვები ბოლო პერიოდში გააქტიურებულია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ყაზახეთი TOP-5 ქვეყანას შორის იყო, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა. მაისში ყაზახური ფულადი გზავნილების მოცულობა 20 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის მაისთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.


ტურიზმი

ტურიზმის კუთხით ყაზახეთი ერთ-ერთი მიმართულებაა, საიდანაც შესრულებული ვიზიტების მაჩვენებლები 2022 წელს, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აღდგა და გადააჭარბა კიდეც. ამასთან, აღსანიშნია, რომ 2015 წლიდან მოყოლებული ყაზახეთიდან ტურიზმის მაჩვენებელის ყოველწლიურად იზრდებოდა, 2019 წელს კი ამ ქვეყნიდან შესრულებული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი 103 611 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც ყაზახური ავიაკომპანიების მიერ ქვეყნის მიმართულებით ფრენების გააქტიურებას უკავშირდებოდა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით კი ვიზიტების რაოდენობა 120 494-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, საქართველოში ყაზახი ვიზიტორების მხრიდან 19 918 ვიზიტი შესრულდა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 85.2%-ით, ხოლო წინა წლის 5 თვის სტატისტიკას 42%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები