საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ასევე აბუ-დაბის საამიროს მსხვილი საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან გაიმართება. განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი სტატუსი და მისი განვითარების მომავალი პერსპექტივები.
როგორია საქართველო - არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავზე - BM.GE ამ კითხვაზე პასუხს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შემოგთავაზებთ:
ინვესტიციები
გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში FDI-ს სახით 28.3 მლნ დოლარი შემოვიდა. შედეგად საამიროებიდან შემოსული ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 2.3% იყო. 2019 წელთან შედარებით ეს რიცხვი გაზრდილია, თუმცა 2016-2018 წლებში განხორციელებულ წლიურ ინვესტიციებს ჩამორჩება. (2016 წელი - 55.3 მლნ დოლარი; 2017 წელი - 146.9 მლნ დოლარი; 2018 წელი - 33.4 მლნ დოლარი; 2019 წელი - 25.6 მლნ დოლარი).
რაც შეეხება 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, წელს საამიროებიდან 14.7 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს სულ მცირედით ჩამორჩება გასული წლის პირველი ორი კვარტლის FDI-ს (15.6 მლნ დოლარი).
სავაჭრო ბრუნვა
პანდემიის შემდეგ საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ბრუნვა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნების ექსპორტ-იმპორტი 2021 წლის, წლიურ ბრუნვას აღემატება. შედეგად 2022 წლის 3 კვარტალში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 189.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 83.8%-ით აღემატება.
სავაჭრო ბრუნვაში მთავარი წილი იმპორტზე მოდის. აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 166.8 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იმპორტზე 88.3%-ით მეტია. საამიროებიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის თითქმის ნახევარი სატელეფონო აპარატებზე მოდის. TOP-10 საიმპორტო საქონლის ათეული ასეთია:
1. სატელეფონო აპარატები - 77.7 მლნ დოლარი, 122 ტონა;
2. სიგარები, სიგარილები - 16.5 მლნ დოლარი, 1 221 ტონა;
3. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 8.2 მლნ დოლარი, 27 ტონა;
4. მსუბუქი ავტომობილები - 6.5 მლნ დოლარი;
5. ავტომანქანების ნაწილები - 3.7 მლნ დოლარი, 2 186 ტონა;
6. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო - 3.1 მლნ დოლარი, 455 ტონა;
7. მიკროფონები ხმამაღლა მოლაპარაკეები - 2.7 მლნ დოლარი, 38 ტონა;
8. სატელევიზიო კავშირისათვის მიმღები აპარატურა - 1.9 მლნ დოლარი, 53 ტონა;
9. სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები - 1.4 მლნ დოლარი, 595 ტონა;
10. აწევის, ჩატვირთვის ან გადმოტვირთვისთვის მანქანები და მოწყობილობები - 1.3 მლნ დოლარი, 141 ტონა;
გარდა მთავარი საიმპორტო საქონლისა, საამიროებიდან სუნამოები და ტუალეტის წყალი, ატრაქციონებისა და სამაგიდო თამაშებისთვის საჭირო საქონელი, რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, სატვირთო ავტომობილები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ვულკანიზებული რეზინის ტანსაცმელი, სამარჯვები ორთოპედიული, სინთეზური ბოჭკოების ქსოვილები და სხვა საქონელი შევიძინეთ.
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქონლის ექსპორტით 22.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს რიცხვი გასული (14.2 მლნ დოლარი), ასევე 2020 წლის 9 თვის ექსპორტის (23.1 მლნ დოლარი) მაჩვენებელს ჩამორჩება. TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
1. მსუბუქი ავტომობილები - 8.9 მლნ დოლარი;
2. ნაქსოვი ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები - 2.1 მლნ დოლარი, 526 ტონა;
3. ცხვრები და თხები ცოცხალი - 1.5 მლნ დოლარი, 358 ტონა;
4. ეთილის სპირტი - 1 მლნ დოლარი, 26 ტონა;
5. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეცდანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 809 ათასი დოლარი, 34 ტონა;
6. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული - 658 ათასი დოლარი;
7. ხორცი ცხვრის ან თხის - 596 ათასი დოლარი, 76 ტონა;
8. საგოზავები მინისა და საბაღე 538 ათასი დოლარი, 160 ტონა;
9. მზა ან დაკონსერვებული თევზი; ზუთხის ხიზილალა - 465 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები - 445 ათასი დოლარი, 92 ტონა.
ტურიზმი
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში განხორციელებული ტურისტული ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდე ნიშნულამდე აღდგა, არამედ გადააჭარბა კიდეც. მიმდინარე წლის 9 თვეში ამ მიმართულებიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 10 458 შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 135.4%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-იან ზრდას გულისხმობს.