მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

5e428a8521fdf
BM.GE
11.02.20 15:05
696
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა. 

შეხვედრის მთავარი თემა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, სატრანსპორტო კორიდორთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები და კონკურენტულ უპირატესობებთან დაკავშირებული საკითხები იყო.

"ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კიდევ ერთხელ განგვეხილა საქართველოსთან მიმართებაში მსოფლიო ბანკის ის პორტფელი, რომელიც 2018 წელს შეთანხმდა და 11 ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათგან ამ შეხვედრისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამომეყო ის კომპონენტი, რომელიც ინოვაციების მიმართულებით ეხმარება შესაბამის სააგენტოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ინსტიტუციების ჩართულობით განხორციელდება კვლევა და მომზადდება ამომწურავი ანგარიში მეცნიერული კვლევების შედეგების ეკონომიკური განვითარების პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით. ასევე, შევისწავლით ანალოგიური ქვეყნების პრაქტიკას, სადაც მეცნიერებამ, კვლევებმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ წამყვანი როლი ითამაშა ეკონომიკის განვითარებაში და იმ ინსტიტუციონალურ თუ სამართლებრივ ნაბიჯებს, რომელიც წინ უძღოდა ამ შედეგების მიღწევას", – განაცხადა რომან კაკულიამ. 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო კორიდორის გამოწვევებთან დაკავშირებულ კვლევებზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მეშვეობით ტარდება და დაიგეგმა, რომ შესაბამისი სემინარი ჩატარდება ყველა შესაძლო უწყების მონაწილეობით, სადაც დაკონკრეტდება დღეისათვის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბისა და სატრანზიტო კორიდორის პრეტენზიის მქონე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.